შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ლელო საქართველოსთვის

პოლიტიკური გააქტიურება. „ლელო“ შიდაპარტიულ საქმიანობაში ქალების როლის ზრდას ხელს უწყობს ქალთა საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერების ორწლიანი სამოქმედო გეგმის შესაბამისად. „ლელოს“ მთავრობაში სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობების მინიმუმ 40%-ს ქალები დაიკავებენ. საჯარო სექტორში გატარდება გენდერულად დაბალანსებული საკადრო პოლიტიკა. სამუშაოზე აყვანისა და შრომის ანაზღაურების პროცესში გენდერული დისკრიმინაცია, მათ შორის, კერძო სექტორში, აღმოიფხვრება საკანონმდებლო დონეზე.

 

ძალადობისგან დაცვა. გაიზრდება ოჯახში ძალადობის ფაქტებზე მომუშავე სოციალურ მუშაკთა რაოდენობა, ამაღლდება მათი კვალიფიკაცია და გაუმჯობესდება სამუშაო პირობები. აუცილებელია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხების ინტეგრირება სასწავლო გეგმებში, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობის ენებზე. გაიზრდება მსხვერპლთა სარეაბილიტაციო სერვისებზე (თავშესაფრებზე) წვდომა. კრიმინალთან ბრძოლის დაწესებულებებში დაიხვეწება პრევენციისა და ეფექტური რეაგირების მექანიზმები, მათ შორის, ფემიციდის საქმეებში გენდერული მოტივების დადგენისა და ერთიანი სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგია.

 

ეკონომიკური გაძლიერება. ქალების ეკონომიკური აქტიურობის ხელშესაწყობად ქალ მეწარმეთა ასოციაციებთან პარტნიორობით განხორციელდება პროფესიული განათლებისა და ბიზნესუნარების დაუფლების სპეციალური პროგრამები, აგრეთვე, საინფორმაციო და საკონსულტაციო სერვისების მიწოდება. ქალების დასაქმებისთვის ხელშემწყობი გარემოს გასაუმჯობესებლად 2024 წლისთვის სრულად დაკმაყოფილდება მოთხოვნა ბაგა-ბაღებსა და შშმ ბავშვებისა და მოზარდების დღის ცენტრებზე. რეგიონების განვითარების პროგრამის შესაბამისად, ახალ ურბანიზებულ ცენტრებში გათვალისწინებული ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება სოფლად მცხოვრები ქალების დასაქმებაზე ფოკუსირებით.

 

ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა. „ლელო“ დაამკვიდრებს სოციალური დახმარების სისტემას, რომელიც ორიენტირებული იქნება მარტოხელა დედის, მრავალშვილიანი დედის, შშმ ქალის, შშმ ბავშვის დედის არა მხოლოდ მყისიერი ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებაზე, არამედ პრობლემების გრძელვადიანი პერსპექტივით მოგვარებაზე. შშმ ქალებისა და გოგონებისთვის უსაფრთხო სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით იარსებებს გენდერულად მგრძნობიარე სამედიცინო მომსახურება.

პარტიის პოზიცია