შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ლელო საქართველოსთვის
„ლელო“ შეცვლის პოლიტიკის ვექტორს ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით - სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველად შეფასდება არა უმცირესობების წარმომადგენელთა „ზედმეტი“ პოლიტიკური აქტიურობა (როგორც ეს ათწლეულების განმავლობაში გრძელდება), არამედ მათი ნაკლები ჩართულობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებასა და მმართველობის სისტემაში. გაუქმდება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო და რელიგიის საკითხთა სააგენტო. შეიქმნება სამოქალაქო თანასწორობის სააგენტო, რომელიც იმუშავებს რელიგიური და ეთნიკური თანასწორობის საკითხებზე ომბუდსმენთან არსებული ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საბჭოებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ხოლო კონფლიქტების დარეგულირების კუთხით იმუშავებს სახელმწიფო მინისტრი. შემუშავდება და დაიწყება 10-წლიანი პროგრამის განხორციელება, რომლის შედეგადაც ქართული ენის არმცოდნეთა რაოდენობა საქართველოს მოსახლეობის 1%-ზე ნაკლები იქნება. ეთნიკური უმცირესობებისთვის შეიქმნება მშობლიური ენისა და ლიტერატურის (აზერბაიჯანული და სომხური) მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები. საქართველოს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად საჯარო სკოლებში შემოვა ახალი სასკოლო საგანი - „მრავალფეროვანი საქართველო“. რელიგიურ კონფესიებს შორის სადავო საკულტო ნაგებობების, როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, გადარჩენისა და მოვლა-პატრონობისთვის შემუშავდება ეფექტური მექანიზმები, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით. შემოღებული იქნება ერთიანი საგადასახადო სისტემა ყველა რელიგიური გაერთიანებისთვის. ლგბტ პირთა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით, ასევე გამოხატვის თავისუფლებით სრულყოფილად სარგებლობა უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფოზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულებების ეფექტურად განხორციელების გზით. დაიხვეწება სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობა-დისკრიმინაციის პრევენციის და ეფექტური რეაგირების მექანიზმები. დანერგილი სამართლებრივი მექანიზმები და პოლიტიკა მოიცავს როგორც სამართალდაცვით, ისე ჯანდაცვის, განათლების, სოციალური დაცვის საკითხებს და უზრუნველყოფს მსხვერპლთა მრავალმხრივ დაცვას. გაუმჯობესდება ტრანსსპეციფიკური სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა პაციენტისთვის „ზიანის მიუყენებლობის“ პრინციპების გათვალისწინებით. გენდერული იდენტობის სამართლებრივი მექანიზმები და მიდგომები შემუშავდება ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობით.

პარტიის პოზიცია