26 წლის განმავლობაში ვერც ერთმა ხელისუფლებამ საბოლოოდ ვერ გადაჭრა დევნილთა ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნის საკითხი; დღეის მდგომარეობით საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში დევნილთა მხოლოდ 40%-ს გადაეცა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აუცილებელია დამატებითი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, რათა საბოლოოდ გადაწყდეს ეს პრობლემა. აგრეთვე, კანონით უნდა იყოს განსაზღვრული დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ვადები და ის არ უნდა გადასცილდეს 2025 წელს. დასაქმების პრობლემა ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხს წარმოადგენს არა მარტო დევნილებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნის მასშტაბით. შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ეფექტური იქნება დიფერენციაცია და დევნილი მოსახლეობისთვის დასაქმების შეთავაზება უშუალოდ მათზე მორგებული მიზნობრივი პროგრამებით.