შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ლელო საქართველოსთვის
საჯარო სტრუქტურების, განსაკუთრებით სამინისტროების ან მათში შემავალი უწყებების, გაერთიანება-გაყოფის თემაზე დისკუსიები და ფაქტობრივი პროცესები, ხშირ შემთხვევაში, მიმდინარეობს მექანიკურად, შინაარსობრივი და ფუნქციური ანალიზის გარეშე, ფუნქციების მხოლოდ ჰორიზონტალური (ცენტრალურ უწყებებს შორის) და არა ვერტიკალური (სუბნაციონალურ დონეებზე) გადაცემის გათვალისწინებით. სამინისტროები დატვირთულია სამეურნეო, ოპერატიულ-რუტინული ფუნქციებით. შესაბამისად, შეზღუდულია თანამედროვე ტიპის სამინისტროსთვის აუცილებელი ფუნქციები და ნაკლები ყურადღება ეთმობა მათ. სამინისტროების ფუნქციური მოდერნიზაციისა და ოპტიმიზაციისთვის ფუნქციების ნაწილი სუბნაციონალურ ხელისუფლებას გადაეცემა (საკუთარი უფლებამოსილებების ან დელეგირებული უფლებამოსილებების სახით). ასევე, განისაზღვრება ფუნქციები, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია, რომ საჯარო უწყებამ აუთსორსინგის ფორმით უფრო ეფექტიანად უზრუნველყოს. ფუნქციების ნაწილის „ქვემოთ ჩატანა“ და ნაწილის „გარეთ გატანა“ სამინისტროებს განტვირთავს საოპერაციო ფუნქციებისგან და ამის საფუძველზე შეიძლება მივიღოთ თანამედროვე ტიპის სტრატეგიულ განვითარებასა და სტანდარტების შექმნაზე ორიენტირებული სამინისტრო. ხშირად პოპულისტურადაა წარმოდგენილი საჯარო სამსახურში ადმინისტრაციული ხარჯების თემა. „ლელოს“ მოდელი ითვალისწინებს ამ საკითხისადმი სისტემურ მიდგომას. საჯარო სამსახური ჩამოყალიბდება მწყობრ, კარიერულ ზრდასა და მუდმივად კვალიფიკაციის ამაღლებაზე ორიენტირებულ სისტემად. მიუხედავად იმისა, რომ მოხდება როგორც საჯარო უწყებების, ისე ამ სისტემაში არსებული იურიდიული პირების სტრუქტურული, ფუნქციური და საკადრო ოპტიმიზაცია, შრომის ანაზღაურების ჯამური ფონდიდან ეკონომია არსებითი არ იქნება, რადგან საჯარო სამსახურში უნდა იყოს კონკურენტუნარიანი სახელფასო პოლიტიკა. შიდა და გარე კონკურსების, ატესტაციების სისტემა აღარ იქნება ფორმალური და ჩატარდება სრულიად გამჭვირვალედ. საჯარო სამსახურში აღმოიფხვრება პოლიტიზაციის ჩამოყალიბებული მავნე პრაქტიკა. პოლიტიკური ხელმძღვანელების ცვლილება (მინისტრები, მერები და ა.შ.) არ გამოიწვევს საჯარო მოხელეთა კორპუსში რყევებსა და კადრების დინებას. მოხელეთა წახალისება (პრემიები, დანამატები) დაეფუძნება წინასწარ დადგენილი ამოცანების რეალიზაციის და სხვა ობიექტურ კრიტერიუმებს და არა სუბიექტურ გადაწყვეტილებებს. პროგრამული ბიუჯეტირების პროცესის რეალურად დანერგვამ საჯარო სამსახურში, ზედა დონიდან უმცირესი ქვესტრუქტურის დონემდე, უნდა უზრუნველყოს ობიექტური შეფასების ინდიკატორების მთავარ ინსტრუმენტად გამოყენება ეფექტიანობის შეფასებისთვის.

პარტიის პოზიცია