ლელო საქართველოსთვის
მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული პოლიტიკის შედეგად, მოხდება ინფლაციის დადგენილი მიზნობრივი მაჩვენებლის (წლიური 3-4%) მკაცრი უზრუნველყოფა. ყოველწლიურად დადგინდება და უზრუნველყოფილი იქნება აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში განსაზღვრული ლარის გაცვლითი კურსიდან (რა კურსის საფუძველზეც ბიუჯეტი პარამეტრები იგეგმება) გადახრის ზედა და ქვედა ზღვრების (3-5%-ის ფარგლებში) მიზნობრივი მაჩვენებელი.
მშპ-ის საშუალო რეალური ზრდა წლიურად იქნება 8%. არცერთი რეგიონის ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებლების ჩამორჩენა არ უნდა იყოს რეგიონების საშუალო მაჩვენებლის 12%-ზე მეტი.
ყოველწლიურად ეკონომიკის მთლიანი მოხმარება და სახელმწიფო მოხმარების ზრდის ტემპი არ იქნება ეკონომიკაში შექმნილი დამატებული ღირებულების ზრდის ტემპზე ნაკლები. ეკონომიკის შიდა დანაზოგები მშპ-თან მიმართებით ყოველწლიურად იქნება 25%-ზე მეტი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კი - მშპ-ის 15%-ზე მეტი (2021-2024 წლებში, ჯამურად, 10 მლრდ აშშ დოლარი). მნიშვნელოვანი ინდიკატორი იქნება შიდა და საგარეო წყაროებით განხორციელებული ინვესტიციებით ახალი მწარმოებლური აქტივების მაღალი წილი და მეტი სექტორული დივერსიფიკაცია, მათ შორის, სოფლის მეურნეობაზე, კვების მრეწველობაზე, გადამმუშავებელ მრეწველობაზე. ასევე, დაგეგმილია მცირე ბიზნესის სეგმენტსა და თბილისის გარეთ რეგიონებში მიმართული ინვესტიციებისა და საბანკო სესხების საშუალო წილის 2-3 ჯერ გაზრდა.
თვითდასაქმებულთა 40% გადაინაცვლებს დაქირავებით დასაქმებულთა ან დამსაქმებელთა კატეგორიაში, თვითდასაქმებულები კი მოექცევიან ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში. ოჯახების საშუალო შემოსავლები გაორმაგდება. ასევე, ჯამში, შეიქმნება 200 ათასამდე დამატებითი სამუშაო ადგილი.
2024 წლისთვის მოსახლეობის წყალმომარაგების, კანალიზაციის, სამელიორაციო სისტემის, ადგილობრივი გზების, სკოლამდელი აღზრდის, პირველადი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურით დაიფარება დასახლებების 80%-ზე მეტი და იმოქმედებს შემდგომ 2 წელში სრული დაფარვის გეგმა.
2024 წლამდე გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით საქართველო მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს პოზიციებს და 74-ე ადგილიდან გადაინაცვლებს პირველ 40 ქვეყანას შორის. ამასთან, ცალკეული ქვეკომპონენტების მიხედვით, არცერთში არ იქნება მე-80 ადგილის ქვემოთ.