შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ლელო საქართველოსთვის
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხში მთავარი გადაუწყვეტელი პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) ქვეყნის მთავარ საფრთხედ კვლავაც ქვეყნის მოქალაქეებს თვლის და ყოველი მოქალაქის „ლუპის ქვეშ“ ყოლა მთავარ ინსტიტუციურ ამოცანად მიაჩნია. თავის მხრივ, სუს-ს ამგვარი ამოცანა მორიგ ჯერზე დაუსახა ქვეყნის მორიგმა პოლიტიკურმა ლიდერმა. ისიც, წინამორბედთა მსგავსად, თვლის, რომ მის ხელისუფლებაში დარჩენას უნდა მოემსახუროს მთელი სახელმწიფო მანქანა, რომელმაც ყველა მოქალაქე მუდმივად უნდა აკონტროლოს და არ დაუშვას „არასწორად მოაზროვნეთა“ რაოდენობის სახიფათო ზრდა. ხალხის ამგვარი მასობრივი და სისტემატური სკრინინგის პირობებში გამორიცხულია ვინმეს პირადი ცხოვრება იყოს დაცული - იგი „დაცულია“ მანამ, სანამ ვინმე არ გადაწყვეტს შეგროვებული ინფორმაციის გასაჯაროებას, ანუ მთელი ქვეყანაა დაშანტაჟებული. შესაბამისად, ადამიანის პირადი ცხოვრება დაუცველი დარჩება მანამ, სანამ საქართველოში არ დამკვიდრდება ხელისუფლებების დემოკრატიული ცვლის ტრადიცია და არ დასრულდება ლიდერის მიერ სახელმწიფო ძალაუფლების ხალხისგან მითვისების მანკიერი პრაქტიკა. „ლელოს“ შეფასებით, პოსტსაარჩევნო კოალიციური უმრავლესობა იქნება სახელმწიფო ორგანოების პარტიული დიქტატისგან დახსნის, მათ შორის, მოქალაქეებზე ზედამხედველობის სისტემის დანგრევის, მნიშვნელოვანი საშუალება. ჩვენ ვგეგმავთ სუს-ის ეტაპობრივ დემონტაჟს და პარტნიორი ქვეყნების გამოცდილებაზე დაფუძნებული ახალი სპეცსამსახურის ფორმირებას. გარდა ამისა, განზრახული გვაქვს სამართალდამცავ ორგანოებზე საპარლამენტო კონტროლის დაწესება პარიტეტულ საწყისებზე (თითო წარმომადგენელი თითო ფრაქციიდან) შექმნილი საპარლამენტო კომისიის მიერ, რომლის ერთ-ერთი ფუნქცია იქნება ადამიანის უფლებებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხების მონიტორინგი. ამ პოლიტიკური და ინსტიტუციური ცვლილებების შემდეგ საგრძნობლად გაიზრდება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად ბოლო წლების განმავლობაში დანერგილი სამართლებრივი მექანიზმებისა და პოლიტიკის ინსტრუმენტების ეფექტიანობა.

პარტიის პოზიცია