„ლელოს“ უმთავრესი მიზანია, საქართველოში ჩამოყალიბდეს ისეთი სასამართლო სისტემა, რომელსაც ენდობა არა ხელისუფლება, არამედ უპირველესად - მოქალაქე; სასამართლო, რომელსაც ენდობა მოქალაქე და ემორჩილება ხელისუფლება. სისტემა ასეთი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც გაუძლებს პოლიტიკურ წნეხს და დაიცავს ნებისმიერ პირს უსამართლო მოპყრობის, ძალადობის, დისკრიმინაციის, კანონისა და მათი უფლებების ნებისმიერი ხელყოფისგან. „ლელოს“ მოდელი გულისხმობს:
- სასამართლოს მართვის გამჭვირვალე და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულ სისტემას;
- დროულ და სამართლიან (და დასაბუთებულ) სასამართლო გადაწყვეტილებებს;
- ყველასთვის ხელმისაწვდომ სასამართლოს (ფინანსურად ხელმისაწვდომი, ასევე ადაპტირებული შშმ პირთა საჭიროებებზე).
ამისთვის აუცილებელია:
- საქართველოს პარლამენტმა შეისწავლოს და საჯარო დოკუმენტში ასახოს, როგორ მოირგო და გამოიყენა სხვადასხვა ხელისუფლებამ სასამართლო თავისი პარტიულ-პოლიტიკური მიზნებისთვის: რა საკანონმდებლო, ინსტიტუციური და სხვა ბერკეტები არსებობდა ამისთვის და რისგან არის დასაცავი და დასაზღვევი ახალი სისტემა; ეს აუცილებელია წარსულში დაბრუნების თავიდან ასაცილებლად;
- იუსტიციის საბჭოს ფორმირების წესის იმგვარი ცვლილება, რომ ეს მნიშვნელოვანი ორგანო აღარ აღმოჩნდეს სასამართლოს რომელიმე გავლენიანი ჯგუფის საკუთრებაში, ჯგუფისა, რომელიც მას სასამართლოს სამართავად გამოიყენებს;
- იუსტიციის საბჭოს ხელში თავმოყრილი ფაქტობრივად შეუზღუდავი უფლებამოსილების დეკონცენტრაცია, საბჭოს გათავისუფლება პოლიტიკური ზეგავლენისგან;
- მოსამართლეთა რაოდენობის ზრდა, რის შედეგადაც მოგვარდება გადატვირთულობის და წლობით დაგვიანებული საქმეების პრობლემა;
- ახალი მოსამართლეების გამჭვირვალე სისტემით დანიშვნა, რაც უზრუნველყოფს სასამართლოში მხოლოდ პატიოსანი და მცოდნე მოსამართლეების მისვლას;
- უზენაეს და საკონსტიტუციო სასამართლოებში ყველაზე მაღალი რეპუტაციის, კვალიფიკაციისა და აღიარების მქონე პირთა დანიშვნა, მოსამართლეთა დაწინაურების გამჭვირვალე სისტემის დანერგვა;
- საქმეთა შემთხვევითი განაწილების წესზე სრულად გადასვლა გამონაკლისებისა და მანიპულაციის შესაძლებლობების გამორიცხვით;
- მოსამართლის ანგარიშვალდებულების სისტემის (დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემის) რეფორმა, რათა ვეღარავინ გამოიყენოს ეს სისტემა მოსამართლეთა სამართავად;
- რეფორმამ უნდა უზრუნველყოს მოსამართლის დამოუკიდებლობა და ხელი შეუწყოს მისი ანგარიშვალდებულების განმტკიცებას;
- მოსამართლეთა განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების განგრძობადი სისტემის დანერგვა.