შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ლელო საქართველოსთვის
„ლელოს“ მოდელით, ტურიზმის სექტორმა უნდა შეასრულოს შიდა აგროსასურსათო წარმოების სტიმულირების, მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლების გენერირების მნიშვნელოვანი ფუნქცია. ამ სექტორში პოლიტიკის ამოცანა იქნება, რომ ტურიზმიდან შემოსავლების 70% მაინც დარჩეს მომიჯნავე სექტორებში (აგროსასურსათო წარმოების სფერო, მომსახურების სფერო, ადგილობრივი ინდუსტრია და ა.შ.). ტურიზმის სექტორში დასაქმებულები ეტაპობრივად უნდა მოემზადონ მაღალბიუჯეტიანი ტურისტების მისაღებად და სათანადო სერვისების შესათავაზებლად, რაც ხელს შეუწყობს მაღალი გადახდის უნარის მქონე ტურისტების სეგმენტის მკვეთრ ზრდას, მონახულებული რეგიონების მიხედვით უკეთეს განაწილებას (დღეს თბილისსა და აჭარაზე მოდის 60%). ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისას სახელმწიფო გაითვალისწინებს ტურისტული ადგილების (მაგალითად, კულტურული ძეგლების მიმდებარედ) რეაბილიტაციასა და სათანადო სერვისებით უზრუნველყოფას. მსხვილი ტურისტული პროექტები განხორციელდება მხოლოდ საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში, უშუალოდ ბიზნესაქტივობაში (დიდი სასტუმროს მშენებლობა და ა.შ.) სახელმწიფო ინიექციებს არ განახორციელებს. სახელმწიფო ჩაატარებს ეფექტიან კამპანიებს ტურისტების მოსაზიდად, მათ შორის, ღვინის ექსპორტიორებთან თანამშრომლობით (მაგალითად, ექსპორტზე გაყიდულ თითოეულ ღვინის ბოთლზე ფასდაკლების ვაუჩერული კოდის განთავსება, რომლითაც, საქართველოში ვიზიტის შემთხვევაში, სხვადასხვა მომსახურებაზე შეღავათებით ისარგებლებს). მხარდაჭერილი იქნება საერთაშორისო კონფერენციების/სემინარების ორგანიზება, გაწეული ხარჯების 20%-ის ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებით. საქართველოს თითოეული რეგიონის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენა და გამოყენება შიდა და გარე ტურისტული ბაზრის მოთხოვნების მაქსიმალურად ასათვისებლად. ტურისტული სექტორის ოპერირებაში გაიზრდება რეგიონული და მუნიციპალური ხელისუფლებების როლი, ტურისტული პოტენციალის მქონე ადგილების სრულად იდენტიფიცირებისა და შესაბამისი ბიზნესპროექტების სტიმულირების მიზნით. რეგიონებში ტურისტული პოტენციალის მქონე ბიზნესსუბიექტებისთვის იმოქმედებს მცირე გრანტების პროგრამა. „ლელოს“ ჯანმრთელობის დაცვის სექტორის განვითარების გეგმა აგრეთვე ითვალისწინებს სამედიცინო და სარეაბილიტაციო ტურიზმის განვითარებას. „ლელოს“ სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმა და რეგიონული პროექტები უზრუნველყოფს აგროტურიზმის განვითარებას. ეკოტურიზმზე სათანადო აქცენტი სწორედ მაღალმთიანი და პერიფერიული გეოგრაფიული ადგილების ტურისტულ ათვისებას ითვალისწინებს.

პარტიის პოზიცია