შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
სტრატეგია აღმაშენებელი

რუსული აგრესიული პოლიტიკის შედეგად მკვეთრად გაიზარდა „მცოცავი ოკუპაცია“, უკანონო ბორდერიზაცია და, აქედან გამომდინარე, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის გატაცების, უკანონო პატიმრობის, წამებისა და მკვლელობის ფაქტები. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის მხრიდან ეს ყოველივე შეფასდა როგორც ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი, დღემდე არ შექმნილა შესაბამისი ანტიანექსიური/ანტისაოკუპაციო სტრატეგია, არ ამოქმედებულა ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია, არასასურველ დონეზეა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის გააქტიურება. მცოცავი ოკუპაციისგან ქვეყნის უკეთ დასაცავად შემდეგი ნაბიჯების ინიციირებას ვგეგმავთ:

 

  • დავიწყებთ ანტისაოკუპაციო და ანტიანექსიური სტრატეგიის შემუშავებას, სადაც მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ ფართო საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას და ამ გზით შევქმნით ზოგად კონსენსუსს მცოცავი ოკუპაციის საწინააღმდეგო ნაბიჯების შესახებ.
  • გავააქტიურებთ საერთაშორისო ძალისხმევას ყველა ოფიციალური თუ არაოფიციალური ფორმატის გამოყენებით.
  • ავამუშავებთ ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას.
  • საოკუპაციო გამყოფ ხაზებთან მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების გაზრდისა და საოკუპაციო რეჟიმის მიერ მათი შეზღუდული უფლებების აღდგენის მიზნით შევიმუშავებთ ინიციატივას, რათა გაიზარდოს შსს-ს მანდატი და ეფექტიანობა, რაც გულისხმობს ოკუპაციის ხაზის მონიტორინგის გახშირებას, სათვალთვალო კამერების დამონტაჟებასა და სხვა ინიციატივებს, რომლებიც დაკავშირებული იქნება ანტისაოკუპაციო სტრატეგიასთან.
  • იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის მედეგობა, შევიმუშავებთ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობაზე ორიენტირებულ და გამიზნულ საგანგებო პოლიტიკას - სპეციალური სოციალური პროექტების, სპეციალური ფონდის და/ან „ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლების განვითარების კანონის“ შექმნის სახით (ან შესაბამისი ცვლილებებით კანონში „ოკუპაციის შესახებ“) - რომელიც მიმართული იქნება ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე.
  • ანტიანექსიური/ანტისაოკუპაციო სტრატეგიის შესაბამისად შევიმუშავებთ სტრატეგიულ კომუნიკაციას ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებისთვის.
  • გავააქტიურებთ ძალისხმევას ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მანდატის სრული ამოქმედებისთვის.

პარტიის პოზიცია