შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
სტრატეგია აღმაშენებელი
საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეროვნული თანხმობის შექმნა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. რუსული ჰიბრიდული ომის სამიზნეა არა მხოლოდ მთავრობა, არამედ მთლიანად საზოგადოება. ამიტომ, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა უნდა ეფუძნებოდეს ერთიან სამთავრობო მიდგომას და ხორციელდებოდეს კერძო და არასამთავრობო სექტორის, აკადემიური წრეების ჩართულობით. დროულად განვაახლებთ ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალურ დოკუმენტებს, როგორიცაა: საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, კიბერუსაფრთხოების სტრატეგია, თავდაცვის ეროვნული სტრატეგია. აღნიშნული დოკუმენტების განახლება, ისევე როგორც ინსტიტუციური და სამართლებრივი ცვლილებები, განხორციელდება ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვის პროცესის შედეგად. დღეს ჩვენი კანონმდებლობა არ იცნობს კრიზისის დეფინიციას და განმარტებას, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სახის კრიზისის პოლიტიკურ დონეზე გადაწყვეტილებების შემუშავება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება. შესაბამისად, კრიზისების მართვის ეფექტიანი სისტემის შექმნა როგორც სამართლებრივ, ისე ინსტიტუციურ დონეზე და მისი კოორდინაცია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა. ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა უნდა იყოს ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების ადეკვატური და ითვალისწინებდეს დასავლეთის ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებას. კანონმდებლობაში 2018 წლიდან შეტანილი ცვლილებებით, ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, ამოქმედდება ერთდროულად ორი სათათბირო საბჭო: ერთი პრემიერთან და მეორე პრეზიდენტთან, რაც არ ეფუძნება არც დასავლეთის საუკეთესო პრაქტიკას და არც თანამედროვე სახის უსაფრთხოების გამოწვევებს შეესაბამება. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკას, როგორც მშვიდობიანობის, ისე საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს, უნდა გეგმავდეს და კოორდინაციას უწევდეს ერთი ეროვნული უსაფრთხოების საბჭო. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების პროცესში აქტიურად ჩავრთავთ კერძო და სამოქალაქო სექტორს. ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუციური და სამართლებრივი რეფორმისას დავიცავთ დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს. ინიციირებას მოვახდენთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმის, რაც გულისხმობს ამ სამსახურის მიზანთან შეუსაბამო ანტიკორუფციული საქმიანობის სამსახურის მისი უწყებრივი სტრუქტურიდან გატანას, უწყების დეპოლიტიზაციას, პარალელური საგამოძიებო სისტემებისა და არასასურველი კონკურენციისა თუ უფლებამოსილებების გადამეტების კანონით რეგულირებას.

პარტიის პოზიცია