შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
სტრატეგია აღმაშენებელი
საქართველო, გარდა იმისა, რომ არის შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ქვეყანა, აქტიურად მონაწილეობს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან სტრატეგიულ დისკუსიებში შავი ზღვის უსაფრთხოების ინიციატივაში, რომელიც ეფუძნება ნატოს ვარშავისა და ბრიუსელის სამიტების გადაწყვეტილებებს. გავააქტიურებთ შავი ზღვის უსაფრთხოების ინიციატივაში ორმხრივ ფორმატებს შავი ზღვის ქვეყნებთან, ისევე როგორც ინიციირებას მოვახდენთ ახალი მრავალმხრივი ფორმატების საქართველო-რუმინეთი-უკრაინის და საქართველო-თურქეთი-უკრაინის მონაწილეობით. საქართველოს როლის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაძლიერება ოფიციალურ ბრიუსელთან, ისევე როგორც ნატოს წევრი შავი ზღვის ქვეყნების დედაქალაქებთან. უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებასთან ერთად, ქვეყნის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია შავი ზღვის სატრანზიტო/სატრანსპორტო და საკომუნიკაციო შესაძლებლობების გაძლიერება და ეკონომიკური როლის ზრდა. ამ მიზნის უზრუნველსაყოფად გავაღრმავებთ თანამშრომლობას ბულგარეთთან და სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ავიყვანთ რუმინეთთან თანამშრომლობას. საქართველოს საგარეო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში: ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია მშვიდობიანი, სტაბილური და განვითარებული სამხრეთი კავკასია. ამ მიზნის უზრუნველსაყოფად გავააქტიურებთ საქართველოს პოზიტიურ როლს კავკასიაში მშვიდობიანი, სტაბილური და თანამშრომლობითი გარემოს შექმნის პროცესში. პროაქტიული საგარეო პოლიტიკის წარმოებით მოვახდენთ მეზობელ ქვეყნებთან პარტნიორული და კეთილმეზობლური ურთიერთობების უზრუნველყოფას. საქართველოს აზერბაიჯანთან აკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა. არსებული ფორმატების ფარგლებში უმნიშვნელოვანესია ენერგეტიკის, ელექტრონული კომუნიკაციების, სატრანზიტო და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება. გავააქტიურებთ აზერბაიჯანთან ერთობლივი მუშაობის შედეგად შუა აზიიდან კასპიის ზღვა-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანში ტვირთების მოზიდვას, ისევე როგორც საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი ფორმატს. აქტიურად ვიმუშავებთ ასევე სომხეთთან არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცებისა და სექტორული თანამშრომლობის განვითარებისთვის.

პარტიის პოზიცია