შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
სტრატეგია აღმაშენებელი
საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები გამომდინარეობს ქვეყნის დეკლარირებული ეროვნული ღირებულებებიდან, როგორიცაა თავისუფლება, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა, უსაფრთხოება, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, კეთილდღეობა და მშვიდობა. ყველა ამ ღირებულების უზრუნველყოფისთვის ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესი და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია. ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არსებითია ამ ორგანიზაციების წევრ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურება. ნატოსთან გარდა არსებული ინსტრუმენტების ეფექტიანი განხორციელებისა, ნატოში გაწევრიანების გზაზე განსაკუთრებით გავააქტიურებთ მუშაობას სხვადასხვა დონეზე ნატოს იმ წევრ ქვეყნებთან, რომლებიც გამოირჩევიან ნატოს გაფართოებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულებით. ამ მიზნით ხელს შევუწყობთ ამ ქვეყნების და საქართველოს არასამთავრობო სექტორის და აკადემიური წრეების თანამშრომლობის ფორმატების ინიციირება/მხარდაჭერას. გავაძლიერებთ პარტნიორულ ურთიერთობებს ბალტიის ქვეყნებთან, ვიშეგრადის ოთხეულთან და ნორდიკულ სახელმწიფოებთან, ისევე როგორც ნატოს წევრ შავი ზღვის ქვეყნებთან. საქართველოს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად აქტიურად დავიწყებთ ნატოში გაწევრიანების დაჩქარების ახალი გზების თუ ფორმების ძიებას. ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების უზრუნველყოფისთვის უმნიშვნელოვანესია პარტნიორებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება. ამ კუთხით გავაღრმავებთ აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობას როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო სფეროში. აქტიურად ვიმუშავებთ აშშ-სთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად. ვიმუშავებთ დიდ ბრიტანეთთან და რუმინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხარისხში ურთიერთობების აყვანისთვის. აქტიურად ვიმუშავებთ ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის. საქართველოს, როგორც დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებლის ფუნქციის გაზრდის მიზნით აქტიურად ვითანამშრომლებთ პარტნიორებთან სატრანსპორტო დერეფნის და საქართველოს, როგორც რეგიონული ცენტრის/ჰაბის ფუნქციის გასაზრდელად. ამავე კონტექსტში სტრატეგიულ დონეზე ავიყვანთ შავ ზღვაზე თანამშრომლობის საკითხს და ამ მიზნით რუმინეთთან სტრატეგიულ დონეზე ურთიერთობას. გავზრდით საქართველოს მიმართ ევროკავშირის დაინტერესებას და საქართველოს ევროკავშირის ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიერთებას. შესაბამისი მუშაობის შედეგად გავაკეთებთ ევროკავშირში წევრობის განაცხადს. საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული მიზანია ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ამ მიზნის უზრუნველყოფისთვის შევიმუშავებთ მწყობრ სტრატეგიას საზოგადოების ფართო ჩართულობით და შევქმნით ეროვნულ კონსენსუსს ამ საკითხზე. ქვეყნის დეოკუპაციისა და მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად მოვახდენთ ანტისაოკუპაციო სტრატეგიის შემუშავებას პარტნიორი ქვეყნების აქტიური ჩართულობით. გავზრდით ქვეყნის ეროვნულ მედეგობას რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული ომის საპირისპიროდ. ვაწარმოებთ პროაქტიულ საგარეო პოლიტიკას საერთაშორისო დონეზე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის მშვიდობიანი პოლიტიკის ფარგლებში.

პარტიის პოზიცია