შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
სტრატეგია აღმაშენებელი
„სტრატეგია აღმაშენებელი“ თვლის, რომ არასამთავრობო სექტორის გაძლიერება მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის და, მეორე მხრივ, სახელმწიფო სტრუქტურების მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებისა და ლეგიტიმურობის გაძლიერებისათვის. საქართველოს სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაფინანსების სისტემა ფრაგმენტულია და გამოწვევად რჩება სახელმწიფო დაფინანსების გაუმჭვირვალე პრაქტიკა. უნდა შემუშავდეს არასამთავრობო სექტორისთვის სახელმწიფო დაფინანსების ერთიანი პოლიტიკა და სტრატეგია, დაფინანსების ისეთი პოლიტიკა და სტრატეგია, რომლის მიზანი იქნება სამოქალაქო სექტორის შესაძლებლობათა განვითარება. მოთხოვნილ უნდა იქნას უფრო გამჭვირვალე სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველა არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, მათ შორის ე.წ. „დამკვირვებელი“ (watchdog) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის. ამავე დროს, შენარჩუნებულ უნდა იქნას სამოქალაქო სექტორის დამოუკიდებლობა, რათა ხელი არ შეეშალოს მათი მხრიდან მთავრობის ანგარიშვალდებულების მოთხოვნას. არასამთავრობო სექტორი არის მნიშვნელოვანი ბერკეტი, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებისთვის მთელი რიგი ღონისძიებებისა და აქტივობების განხორციელების საქმეში, როგორიცაა, მაგალითად, ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული აქტივობები, სახელმწიფო პროგრამების მონიტორინგი, უფლებების დაცვა, განსაკუთრებით, პენიტენციარულ დაწესებულებებში, ასევე, სპეციფიკური სერვისების განხორციელება მოწყვლადი ჯგუფებისთვის და სხვა.

პარტიის პოზიცია