სტრატეგია აღმაშენებელი
ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოებისთვის საჭირო მრავალსექტორული და კოორდინირებული ღონისძიებების გატარება. მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ იზრუნებს საქართველოს საგზაო ქსელის ხარისხისა და უსაფრთხოების დონის ამაღლებაზე, რაც მოიცავს: მგზავრობის პირობების გაუმჯობესებას, მგზავრობის დროისა და ავტოტრანსპორტის საოპერაციო და საექსპლუატაციო ხარჯების შემცირებას, გზებზე უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებას, შუქნიშნებისა და ავტომობილის ნაკადების მართვის სტრატეგიას. საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, განსაკუთრებით საქალაქო გზებზე, დაეფუძნება სანდო კვლევებს და საავტომობილო საშუალებების ნაკადების მართვის საუკეთესო გამოცდილებას. საგზაო უსაფრთხოების გეგმის შემუშავებისას აუცილებლად განისაზღვრება სამოქმედო გეგმის შეფასების ინდიკატორები, გასატარებელ კონკრეტულ ღონისძიებებზე პასუხისმგებელი პირები და უწყებები, განხორციელდება მიღებული გეგმების დეტალური მონიტორინგი. მნიშვნელოვანია საგზაო შემთხვევებზე მიმართული პრევენციული ღონისძიებების პროაქტიული დაგეგმვა/გატარება. მოსახლეობაში, ასევე სკოლებში საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, აქტიურად უნდა ჩაერთონ საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორი და სპეციალისტები. საგზაო უსაფრთხოების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია საგზაო შემთხვევის დადგომის შემდეგ პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. ამ მხრივ საჭიროა სხვადასხვა ინსტიტუციის (საგზაო სამსახურები, ჯანდაცვის სამინისტრო და სხვ.) კოორდინირებული მუშაობა და ერთობლივი დაგეგმვა, რომ გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის დრო და ხარისხი მიესადაგოს საუკეთესო ევროპულ სტანდარტებს.