სტრატეგია აღმაშენებელი
კანონმდებლობის დახვეწისა და გაუმჯობესების მიუხედავად, ხშირად მაინც ვერ ხერხდება ცალკეული დაუცველი ჯგუფების სრული ინტეგრაცია ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ასევე, ხშირია დისკრიმინაციის შემთხვევებიც. დისკრიმინაციის ფაქტებზე დაგვიანებით და არასათანადო რეაგირების გარდა, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებისა და წინასწარგანწყობების ფონზე, მეტისმეტად ნელია თანასწორობის მიღწევის პროცესი.
უმცირესობების უკეთ ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია ამ პროცესში საზოგადოების, სამოქალაქო სექტორის, კერძო სექტორისა და, განსაკუთრებით, სახელმწიფოს ჩართულობა და მათი კოორდინირებული მოქმედება.
სახელმწიფომ უნდა გაატაროს ქმედითი პრევენციული და პროაქტიული ზომები უმცირესობის ჯგუფების გამოხატვის თავისუფლების დაცვის მიზნით. ასევე, სახელმწიფომ რეაგირება უნდა მოახდინოს, კანონის ფარგლებში, ულტრამემარჯვენე და რადიკალური ჯგუფების განცხადებებსა და ქმედებებზე, რაც შუღლს აღვივებს საზოგადოებაში უმცირესობის სხვადასხვა ჯგუფის მიმართ. მნიშვნელოვანია ასევე საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებების ჩატარება, როგორც ზოგადად მოსახლეობისთვის, ისე განსაკუთრებით სახელმწიფო და ძალოვანი უწყებების თანამშრომლებისთვის, რათა გაიზარდოს მათი ტოლერანტობა სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის მიმართ. ამ პროცესში გადამწყვეტია არასამთავრობო სექტორის მონაწილეობა და ჩართულობა.