შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
სტრატეგია აღმაშენებელი
„სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური პოლიტიკის მიზანია, ჩვენს მოქალაქეებს შევუქმნათ სტაბილურობისა და დაცულობის განცდა. ჩვენი მუშაობა ამ მიმართულებით ეფუძნება თითოეული მოწყვლადი ჯგუფის ინდივიდუალურ საჭიროებებს. სოციალური მომსახურების სააგენტო გახდება ადამიანის საჭიროებებზე ორიენტირებული. საარსებო შემწეობას მიიღებს ყველა, ვისაც უსამართლოდ აქვს შეჩერებული ან შეწყვეტილი ეს დახმარება. გაიზრდება კვალიფიციური სოციალური მუშაკების რაოდენობა და გაუმჯობესდება მათი სამუშაო პირობები, რაც პირდაპირ აისახება მათი ფუნქციების ჯეროვნად შესრულებაზე. საკვებზე საჭიროებით დაკმაყოფილდება ყველა. კრიზისული სიტუაციის დროსაც არცერთი ადამიანი არ იშიმშილებს, რისთვისაც ამუშავდება კვების ბარათების სისტემა. მასში გაერთიანდება კვების ყველა ობიექტი და საკვები პროდუქტის სარეალიზაციო დაწესებულება. სოციალური სოლიდარობის მენეჯერები ეყოლება ყველა ორგანიზაციას, კომპანიასა და მოქალაქეთა ჯგუფს, რომელთა საქმიანობასაც კოორდინაციას გაუწევს სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალური სოლიდარობის ფარგლებში და შესაძლებელი გახდება უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვებისა და მოხუცების პირობების გაუმჯობესება. ჩვენ მიერ დანერგილი სოციალური შეღავათების სისტემა მუშაობის მოტივაციას აუმაღლებს ადამიანს და საბოლოო შედეგად გვეყოლება უფრო ძლიერი ოჯახები, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სიღარიბის დაძლევას და შეამცირებს სოციალური დახმარების მსურველთა და საჭიროების მქონეთა რაოდენობას. შშმ პირთა, შშმ პირთა მეურვეებისა და შშმ ბავშვთა მშობლების საჭიროებების გათვალისწინებით, შშმ პირთა ოჯახებს, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატება 24 000 ლარს, გავათავისუფლებთ საშემოსავლო გადასახადისგან. მარტოხელა მშობლებისთვის სტატუსის მინიჭების პროცედურების გამარტივებასთან ერთად ბავშვზე ზრუნვის სერვისები ამუშავდება, რაც საშუალებას მისცემს მშობელს დასაქმდეს. განსაკუთრებით ვიზრუნებთ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაქმებაზე. უსახლკაროთა ქირით უზრუნველყოფის პროგრამა იქნება გრძელვადიანი და შედეგზე ორიენტირებული. იგი ეტაპობრივად ჩანაცვლდება პროგრამით „,ჭერი ყველას“, რაც გულისხმობს ქირაში გადასახდელი თანხით წინასწარ მცირე ზომის საცხოვრებლებით უზრუნველყოფას.

პარტიის პოზიცია