შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
სტრატეგია აღმაშენებელი
ჩვენი განათლების პოლიტიკა ემყარება სამ ძირითად პრინციპს. ესენია: დეცენტრალიზაცია, დეპოლიტიზაცია, მოდერნიზაცია. კონკრეტული ინიციატივებია: პირდაპირი წესით 4 წლის ვადით არჩეული სახელმწიფო ბაღისა და სკოლის დირექტორები, რომლებსაც ფარული კენჭისყრით ირჩევენ ამავე დაწესებულების აღსაზრდელთა და მოსწავლეთა მშობლები და მასწავლებლები. პირდაპირი წესით არჩეული სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები, რომლებსაც ირჩევენ პროფესორ-მასწავლებლები პირდაპირი არჩევნების გზით 4 წლის ვადით. არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს ცენტრალური საარჩევნო კომისია. არჩეული სკოლის დირექტორის ხელფასი - 3000 ლარი, საბავშვო ბაღის დირექტორის ხელფასი - 1500 ლარი; ანაზღაურება შესაბამისობაში უნდა იყოს გაწეულ შრომასთან. მასწავლებლის მინიმალური ხელფასი სკოლაში - 1000 ლარი, ბაღში - 700 ლარი. ვაუჩერის გათანაბრება საჯარო და კერძო სექტორში, როგორც სკოლაში, ისე ბაღებში. საჯაროდან კერძო სკოლაში/ბაღში გადასვლისას სასკოლო ვაუჩერი ზუსტად იმავე ოდენობით უნდა მიეცეს მოსწავლეს, რაც სახელმწიფომ მას გამოუყო. თანამშრომლობითი სამიტი 5000 მასწავლებლისთვის წელიწადში ორჯერ - კოლეგებისთვის საუკეთესო პრაქტიკისა და მიღწევების გაზიარების შესაძლებლობა არაფორმალურ გარემოში. 10 000 გრანტი ყოველწლიურად მომავლის პროფესიების დაუფლებისთვის - ΙΤ, მარკეტინგი, დიზაინი, ციფრული ტექნოლოგიები, წარმოება, ტურიზმი და ა.შ. კერძო სექტორთან თანამშრომლობით საქართველოს 10 რეგიონში ჩამოყალიბდება პროფესიული განვითარების კურსები. თითოეულ მოქალაქეს მე-10 კლასიდან გაუჩნდება შესაძლებლობა ისწავლოს, განვითარდეს და დასაქმდეს სასურველი პროფესიით, მაღალანაზღაურებად პოზიციაზე ქვეყნიდან გაუსვლელად. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაცია - TOP 100 უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შექმნილ პროგრამებზე ჩარიცხულ თითოეულ სტუდენტზე აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეძლევა სახელმწიფო გრანტზე (2250 ლარი) + 30%-იანი დანამატი. ყოველწლიურად, საუკეთესო შედეგების მქონე 500 მასწავლებლის საკვალიფიკაციო სტაჟირება უცხოეთში - ევროპული საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად. სამეცნიერო კვლევების წახალისება, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულ და სტრატეგიულ სფეროებში საუნივერსიტეტო კვლევითი ცენტრების ბაზაზე. საქართველოს კულტურისა და ისტორიის კვლევითი ცენტრის დაარსება.

პარტიის პოზიცია