შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
სტრატეგია აღმაშენებელი
ნებისმიერი საშეღავათო სისტემა უნდა იყოს სამართლიანი და ყველანაირი ბიუროკრატიისგან თავისუფალი. აუცილებელია COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის მომენტალური სოციალური ზეგავლენის შეფასება და ყველაზე მეტად დაზარალებული მოწყვლადი ჯგუფების გამოვლენა. ამისთვის საჭიროა შინამეურნეობათა შემოსავლებისა და ხარჯების, აგრეთვე სამუშაო ძალის კვლევა. ეს საშუალებას მოგვცემს, რეალურ დროში მივიღოთ ინფორმაცია სიღარიბისა და უმუშევრობის ზრდისას მომხდარი ცვლილებების შესახებ ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური ჯგუფების ჭრილში. მეორე მხრივ, საჭიროა ნებისმიერი სოციალური ტრანსფერის თუ შეღავათის ეფექტის გაზომვა, რაც სახელმწიფოს დაეხმარება ნებისმიერი სოციალური პროგრამის დიზაინში შესატანი საჭირო ცვლილებები განსაზღვროს. გასათვალისწინებელია ნეგატიური გამოცდილება, როდესაც ათიათასობით ადამიანმა ვერ მიიღო კუთვნილი და დაპირებული 200- და 300-ლარიანი დახმარებები პანდემიის პერიოდში. იმისთვის, რომ ნებისმიერმა შეღავათმა სამიზნე ჯგუფებამდე მიაღწიოს, აუცილებელია ბიუროკრატიული ბარიერების აღმოფხვრა და დახმარების მისაღებად გასავლელი პროცედურების (ონლაინ, ფიზიკური და სხვ.) გამარტივება. კიდევ ერთი საყურადღებო ასპექტი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაა. იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო სისტემა გადაეწყო კოვიდ 19-ის საპასუხოდ, მეტად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებსა და მათ ოჯახებს ჰქონდეთ წვდომა ხარისხიან სერვისებზე. ბევრმა მშობელმა შეიძლება არ იცოდეს იმ შეღავათებისა და სამედიცინო თუ სოციალური სერვისების შესახებ, რომლებითაც მათ შეუძლიათ ისარგებლონ. ამიტომ სახელმწიფოს მხრიდან კომუნიკაციის გაძლიერებასა და ეფექტურ საინფორმაციო კამპანიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

პარტიის პოზიცია