შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა
გამორიცხულია ჩვენი უმთავრესი, ტერიტორიული პრობლემების მოგვარება სამხედრო გზით - ასეთი მიდგომა უნდა იყოს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ამოსავალი წერტილი. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკა უნდა დაეფუძნოს სამშვიდობო ინიციატივებს. ძალა უკიდურესი აუცილებლობის დროს და მხოლოდ თავდაცვისთვის უნდა გამოვიყენოთ. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება შავი ზღვის აუზსა და კავკასიაში. ამისთვის საქართველომ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს რეგიონალური უსაფრთხოების სისტემაში ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მონაწილეობით. საქართველოს უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ საქართველოს ურთიერთობა მეზობლებთან, არამედ მეზობელ სახელმწიფოებს შორისაც. ამდენად, საქართველომ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს მეზობელ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების დარეგულირების პროცესში. უნდა გამოირიცხოს ირგვლივ არსებული კონფლიქტების პროლიფერაცია საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველომ, როგორც საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის წევრმა, უნდა გააგრძელოს შეიარაღებული ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემა ამ მიმართულებით დამატებით სირთულეებს ქმნის. უნდა გაძლიერდეს კონტროლი ეგრეთ წოდებულ საზღვრებზე და გაღრმავდეს თანამშრომლობა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მნიშვნელოვანია ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. საქართველო აქტიურად უნდა მონაწილეობდეს საერთაშორისო ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო პროექტებში. ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება კიბერუსაფრთხოების სფეროში. საქართველომ უნდა გააღრმავოს თანამშრომლობა პარტნიორ სახელმწიფოებთან ამ მიმართულებით, გაზარდოს შიდა ინვესტიცია შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და საკადრო რესურსის განვითარებისთვის. სახელმწიფომ უნდა შეძლოს დაიცვას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა კიბერთავდასხმებისგან და, ამავდროულად, შეუნარჩუნოს თავის მოქალაქეებს გლობალურ ინტერნეტზე შეუფერხებელი წვდომა.

პარტიის პოზიცია