შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა
სამხრეთ კავკასიაში ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია მეზობელ სახელმწიფოებთან არსებული თანამშრომლობის გაღრმავება და მისი ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა. ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს ქვეყნის საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის დასრულება. სამარცხვინოა, რომ დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე, ოთხი მეზობელი სახელმწიფოდან მხოლოდ ერთთან (თურქეთთან) გვაქვს საზღვრის საკითხი დახურული. ეს პრობლემა დაჩქარებული წესით არის მოსაგვარებელი პირდაპირი მოლაპარაკებებისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე. ამ საკითხის მოუგვარებლობა აფერხებს ჩვენს მეზობლებთან სრულფასოვანი ურთიერთობების გაღრმავებას. შავის ზღვის აკვატორიასთან დაკავშირებული პოლიტიკის განხორციელებისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მართალია შავი ზღვა დახურული ზღვაა, მაგრამ მასზე, გარდა სანაპირო სახელმწიფოებისა, ვრცელდება სხვა სახელმწიფოების ინტერესები. ჩვენი პოლიტიკით უნდა ვესწრაფვოდეთ შავი ზღვის მხოლოდ მშვიდობიანი და კონვენციური მიზნებით გამოყენებას. გასათვალისწინებელია შავი ზღვის არა მხოლოდ პოლიტიკური კომპონენტი, არამედ ენერგორესურსებთან და კომუნიკაციებთან დაკავშირებული ინტერესებიც. ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ შავი ზღვის, როგორც უსაფრთხო თანამშრომლობის სივრცედ ჩამოყალიბებას. საქართველომ უნდა გააძლიეროს თავისი როლი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში. ასევე უნდა გაღრმავდეს თანამშრომლობა სანაპირო სახელმწიფოებთან შავი ზღვის ეკოსისტემის გადასარჩენად და დასაცავად. თანაბრად მნიშვნელოვანია შავ ზღვაში ნაოსნობისა და რეწვის საკითხებთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტიური თანამშრომლობა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დროშით ცურვა პრესტიჟული იყოს არა მხოლოდ ქართული გემებისთვის, არამედ სხვა სახელმწიფოს ხომალდებისთვის.

პარტიის პოზიცია