შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა
საქართველო მდებარეობს რთულ გეოპოლიტიკურ სივრცეში, სადაც იკვეთება მსოფლიოს დიდი სახელმწიფოების განსხვავებული და ზოგჯერ ურთიერთდაპირისპირებული ინტერესები. ამავდროულად, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები არ სცდება გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებს. საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლების უპირველესი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ საქართველო არ გახდეს დიდი სახელმწიფოების დაპირისპირების საბაბი. ქვეყნის უმთავრესი ამოცანები - განამტკიცოს ქვეყნის სუვერენტიტეტი, უზრუნველყოს მოქალაქეების შიდა და გარე უსაფრთხოება და შექმნას სახელმწიფოში საყოველთაო კეთილდღეობის საფუძვლები - პირდაპირ არის დაკავშირებული გონივრული და დაბალანსებული საგარეო პოლიტიკური კურსის განხორციელებასთან. ამაზევეა დამოკიდებული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. საგარეო პოლიტიკის მთავარი პრინციპი უნდა იყოს ნებისმიერი ავანტიურისტული ქმედების თავიდან აცილება და პრევენციული დიპლომატიის გაძლიერება. დღეს ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი მკვეთრად არის შესუსტებული. საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს რუსეთთან მოლაპარაკებებზე საქართველოს ინტერესების დასაცავად. ამავდროულად, ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული ურთიერთობები ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან. ჩვენი მეგობარი სახელმწიფოებისთვის აღარ ვართ ჭეშმარიტი პარტნიორები. პარტნიორობა შემოიფარგლება მათ მიერ გაწეული დახმარებით, ხოლო საქართველოს მხრიდან - ფასადური და ფუჭი განცხადებებით. საქართველოს მომავალი ხელისუფლება უნდა იყოს მდგრადი და პროგნოზირებადი პარტნიორი თავისი მეგობარი ქვეყნებისთვის. აუცილებელია ქვეყანა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის სუბიექტი და არა ობიექტი. უნდა გაღრმავდეს ურთიერთობები ევროკავშირთან, გაგრძელდეს თანამშრომლობა ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებთან და ჩვენი მონაწილეობა ისეთ მისიებში, როგორიცაა „საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალები ავღანეთში“. ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლებას უნდა ეყოს გამბედაობა, აწარმოოს პირდაპირი, ორმხრივი მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრები, ჩვენი აქტიური ჩართულობის გარეშე, რუსეთთან ურთიერთობებს ვერ მოგვიგვარებენ.

პარტიის პოზიცია