შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა
საქართველოში 1990-იან წლებში განვითარებული მოვლენებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. სასწრაფოდ შესაცვლელია ე.წ. „ქულების“ პრინციპი, რომელსაც დევნილ საზოგადოებაში დიდ უსამართლობად მიიჩნევენ. ხშირია შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო ერთსა და იმავე ოჯახს ორჯერ ან მეტჯერ აკმაყოფილებს საცხოვრებელი ფართით. არსებული სისტემა ასევე აკმაყოფილებს ფართით იმ დევნილებს, რომლებსაც უკვე თავიანთი სახსრებით აქვთ შეძენილი საცხოვრებელი; ამგვარი მიდგომა სამართლიანია, თუმცა ეს არ უნდა ხდებოდეს უსახლკაროდ დარჩენილი დევნილების ხარჯზე. არცთუ იშვიათად, სისტემა განუსაზღვრელი ვადით აჭიანურებს მათ დახმარებას, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ამიტომაც არის არსებული სისტემა ასეთი არაეფექტიანი. მეტიც, იგი აღვივებს ნეპოტიზმსა და კორუფციას. შესაძლებელია დევნილების გეოგრაფიული პრინციპით დაკმაყოფილება; მაგალითად, ჯერ გალის რაიონის დევნილები, შემდეგ - ოჩამჩირელები და ა.შ. ამით უფრო სწრაფად და ეფექტურად მოხერხდება საცხოვრებელი ფართების განაწილება, ვიდრე ახლა არსებული ქაოსური მექანიზმითა და კორუფციის წყაროდ მიჩნეული ქულების პრინციპით. სახელმწიფო იძულებით გადაადგილებულ პირთა წინაშე პასუხისმგებლობას 45-ლარიანი დახმარებით პასუხობს. ეს დამამცირებელია ჩვენი დევნილებისთვის. მივესალმებით ჯანდაცვის სოციალური სამსახურის სამუშაოს მოძიების სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც სპეციალურად დევნილთათვის შეიქმნა. თუმცა ეს სისტემა არ მუშაობს და უნდა შეიცვალოს. აუცილებელია დევნილთა კლასიფიკაცია განათლების, პროფესიისა და გამოცდილების მიხედვით, მათი გადამზადება და შემდეგ - შესაბამისი სამუშაო ადგილების გამოყოფა. სანამ ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, გარდაუვალი ამოცანაა ჩვენი თანამოქალაქეების სრული სოციალური რეინტეგრაცია, რაც 45-ლარიანი დახმარებით ვერ მოხერხდება. ამისთვის, პირველ რიგში, უნდა გადაწყდეს მათი უსახლკარობისა და უმუშევრობის პრობლემები.

პარტიის პოზიცია