შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა

ქვეყანაში მაქსიმალურად უნდა წახალისდეს ქველმოქმედება. ვინც სოციალურად დაუცველთა დახმარების მიზნით ქველმოქმედებას ეწევა, მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას წახალისების გარკვეული ფორმები, საგადასახადო შეღავათების დაწესების ჩათვლით. საამისოდ აუცილებელია შემუშავდეს კანონი „ქველმოქმედების შესახებ“.

 

  • გადასახადის სიდიდე უნდა იყოს დიფერენცირებული შემოსავლების სიდიდის შესაბამისად. გავატარებთ საგადასახადო სისტემის რეფორმას. პარამეტრული საგადასახადო სისტემიდან გადავალთ დიფერენცირებულ საგადასახადო სისტემაზე;
  • სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭება-მოხსნა არ უნდა იყოს პოლიტიზებული ან/და დამოკიდებული შემფასებელი პერსონალის სუბიექტურობაზე. აუცილებელია ავტომატიზებული სისტემის სრულყოფა, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში შეცდომა უნდა აღმოიფხვრას საჯარო და გამჭვირვალე მექანიზმებით. სამსახურის შოვნის შემთხვევაში სოციალური დახმარება უნდა გაგრძელდეს 12 თვის განმავლობაში;
  • ყველა კანონიერი ხერხის გამოყენებით საქართველოს უნდა დაუბრუნდეს მილიარდობით თანხა, რომელიც სხვადასხვა ხელისუფლების დროს გაიზიდა ქვეყნიდან. იგი სოციალური პრობლემების მოგვარებასა და ეკონომიკის განვითარებას უნდა მოხმარდეს;
  • უნდა შეიცვალოს კანონი „საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“ და ხელისუფლებამ თანხის საბოლოო ოდენობის დათვლისას ორიენტირად უნდა შეარჩიოს სოციალური ნორმატივი და არა ფაქტობრივი მონაცემები. კერძოდ, სასურსათო კალათის კალორიულობა 2200-იდან 2500 კილოკალორიამდე უნდა გაიზარდოს. სასურსათო და არასასურსათო ხარჯების შეფარდება არანაკლებ 50/50 უნდა განისაზღვროს. ამ ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გამოანგარიშებული საარსებო მინიმუმი საქართველოში დაახლოებით 400 ლარს შეადგენს;
  • ხელფასებისა და პენსიების ინდექსაცია უნდა მოხდეს ინფლაციის გათვალისწინებით;
  • მინიმალური პენსია უნდა გაუტოლდეს რეალურ საარსებო მინიმუმს და განისაზღვროს შრომითი სტაჟისა და დამსახურების მიხედვით. საარსებო მინიმუმს ზემოთ დაირიცხება დანამატი – ნამსახურობის ყოველ წელიწადზე;
  • დედებს შვილის აღზრდის პერიოდი ჩაეთვლებათ შრომით სტაჟში; დაწესდება „დედის ხელფასი“;
  • ომის ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ოჯახებისთვის უნდა შეიქმნას ღირსეული სოციალური გარანტიები;
  • უნდა განისაზღვროს მრავალშვილიანი ოჯახებისა და მარტოხელა მშობლის სტატუსი და მათთვის დაწესდეს შემწეობა;
  • აუცილებელია საცხოვრებელდაკარგულთა აღწერა და მათთვის სოციალური დაცვის საგანგებო პროგრამის შემუშავება;
  • უმუშევართათვის უნდა დაწესდეს ექვსთვიანი შემწეობა;
  • ქვეყანაში უმრავლესობა არა სოციალურად დაუცველთა ფენა, არამედ საშუალო ფენა უნდა გახდეს.

პარტიის პოზიცია