შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა

განათლების სისტემის ღირებულებით მთავარ სუბიექტებს უნდა წარმოადგენდნენ მასწავლებელი და მოსწავლე. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და ჯეროვნად უნდა აფასებდეს მის შრომას. საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ ყველაზე ღირებული ინვესტიცია მომავალი თაობის განათლებაში ჩადებული სახსრებია. „ერთიანი საქართველოსთვის“ არსებითია:

 

  • სკოლამდელი და საყოველთაო საშუალო განათლება იყოს სავალდებულო;
  • უნივერსიტეტებს უნდა დაუბრუნდეს რეალური ავტონომია;
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემას უნდა ჩაუტარდეს რეფორმა. დაშლილი და გაყიდული სამეცნიერო თუ დარგობრივი ინსტიტუტები აღდგეს. თანამედროვე მოთხოვნებიდან გამომდინარე, დაფუძნდეს ახალი სამეცნიერო ინსტიტუტები;
  • სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს უნდა მიეცეთ გამოცდების ჩაბარების უფლება და, გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეექმნათ სახელმწიფოს დაფინანსებით სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა;
  • უნდა შეიქმნას სპეციალური ფონდი უცხოეთში სტუდენტების სასწავლებლად გაგზავნის მიზნით. საგანმანათლებლო კრედიტს, უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, მთლიანად დაფარავს ფონდი;
  • შესასწავლია ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების პროგნოზი, რომლის გაანალიზების შედეგად უნდა დაიგეგმოს შესაბამის სპეციალისტთა მოსამზადებელი პროგრამები;
  • სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს ორწლიანი პროფესიული კოლეჯები, რომლებშიც ახალგაზრდები შეძლებენ პრაქტიკული სპეციალობის - ხელობის შესწავლას საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ;
  • უნდა გაუქმდეს ეროვნული გამოცდები და, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, აბიტურიენტები საატესტატო გამოცდების შედეგების მიხედვით ჩაირიცხონ უმაღლეს სასწავლებლებში;
  • უნდა შემუშავდეს სასწავლო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის ერთიანი მექანიზმი.

 

განათლებაში სახელმწიფომ უნდა განახორციელოს საყოველთაო გადამზადების პროექტი. უნდა ამუშავდეს პროგრამა „არც ერთი მოქალაქე - პროფესიის გარეშე“ და მის ფარგლებში დაიწყოს ყველა ასაკის მოქალაქეთა თანამედროვე პირობებისთვის აუცილებელი პროფესიებითა და კომპეტენციებით აღჭურვა. საქართველოში უნდა დაარსდეს „ღია უნივერსიტეტი“, რომელშიც უფროსი ასაკის მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოქნილი გრაფიკით მიიღონ თანამედროვე განათლება და საუნივერსიტეტო დიპლომი.

პარტიის პოზიცია