შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა
სასამართლო ხელისუფლება გადაუდებელ რეფორმირებას საჭიროებს. სასამართლო უნდა იყოს სამართლიანი, კომპეტენტური, ობიექტური, მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი და იაფი. უნდა შეიცვალოს იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესი - საბჭოს დაკომპლექტების პროცესი უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური და კლანური გავლენებისგან. უნდა გაუქმდეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი - ნაფიც მსაჯულთა შერჩევის არსებული კრიტერიუმები ვერ უზრუნველყოფს საქმეზე ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის დროში გაწელილი პროცესი ეწინააღმდეგება ეფექტური და სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპს. ასევე, არ არსებობს არანაირი საკანონმდებლო გარანტიები, რომლებიც უზრუნველყოფს ნაფიც მსაჯულთა უსაფრთხოებას. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის არსებობა იძლევა საშუალებას, სახელმწიფომ აირიდოს პასუხისმგებლობა და იგი საზოგადოებას დააკისროს. პოლიტიკური გავლენებისგან უნდა გათავისუფლდეს ასევე დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური, რომელიც სწორედ პოლიტიკური მიკერძოებულობის გამო ვერ უზრუნველყოფს მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებას, წარმოებას ან სათანადო გადაწყვეტილების მიღებას. სასამართლოების გადატვირთულობის პრობლემის გადასაჭრელად საერთო სასამართლოებში უნდა გაიზარდოს მოსამართლეთა რაოდენობა. გარდა ამისა, საერთო სასამართლოების სისტემაში უნდა შეიქმნას სპეციალიზებული სასამართლოები. სასამართლოში საქმეთა განაწილება პოლიტიკური მანიპულაციების შესაძლებლობებს უნდა გამორიცხავდეს. დაუშვებელია მოსამართლეთა, მით უფრო მოქმედ მოსამართლეთა, უვადოდ (სიცოცხლის ბოლომდე) დანიშვნა. უნდა დადგეს იმ მოსამართლეთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდნენ და უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ. უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასამართლოზე დაცვისა და ბრალდების მხარის თანასწორუფლებიანობა, აგრეთვე დაცული და გარანტირებული ადვოკატთა უფლებები. ჩვენ მოსახლეობას ვთავაზობთ კანონპროექტს ამპაროს პროცედურის, ანუ ახალი ინსტიტუციის შემოსაღებად, რომელიც იძლევა გარანტიას, რომ მოქალაქეებს, მიუხედავად ხანდაზმულობისა, მიეცეთ სამართლებრივი საშუალება, გადაისინჯოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები და მათ ამ გზით მიაღწიონ დარღვეული უფლებების აღდგენას. ამპაროს პროცედურა სამართალწარმოების კონსტიტუციური ზედამხედველობის ფორმაა და განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების კონსტიტუციურ უფლებებთან შესაბამისობას კონკრეტული მოქალაქის დარღვეულ უფლებებთან მიმართებით. ამპაროს პროცედურა მხოლოდ ერთ ინსტანციას მოიცავს, გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის ძალაში და არანაირ აპელაცია-კასაციას არ ექვემდებარება.

პარტიის პოზიცია