შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა
ქვეყანაში ჩამოყალიბდა კონსტიტუციის მუდმივი, რადიკალური და არათანმიმდევრული ცვლილებების განხორციელების კატასტროფული ტენდენცია. უმნიშვნელოვანესია, ამ სფეროში სტაბილურობისა და მდგრადობის შემოტანა და შენარჩუნება. პირველ რიგში, უნდა შეიცვალოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის წესი. მისაღებია საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციური ცვლილებები ძალაში შევა არა იმ პარლამენტის უფლებამოსილების ვადაში, რომელიც მას მიიღებს, არამედ მხოლოდ ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ. კონსტიტუცია შეძლებისდაგვარად უნდა გაიწმინდოს პოლიტიკური კონიუნქტურისგან. პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა შეიცვალოს და, საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, იგი კვლავ ხალხმა უნდა აირჩიოს - პირდაპირი, საყოველთაო, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების შედეგად. ასევე უნდა შეიცვალოს იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესი, გადაიხედოს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის საკითხი. სასამართლოში საქმეთა განაწილება პოლიტიკური მანიპულაციების შესაძლებლობებს უნდა გამორიცხავდეს. დაუშვებელია მოსამართლეთა, მით უფრო დღეს მოქმედ მოსამართლეთა, უვადოდ (სიცოცხლის ბოლომდე) დანიშვნა. საჭიროა კონსტიტუციის დონეზე ჩამოყალიბდეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სტრატეგია. ნათლად იყოს ნაჩვენები საქართველოს ანტიმილიტარისტული და ნეიტრალიტეტისკენ მიმართული სტრატეგია.

პარტიის პოზიცია