შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ლეიბორისტული პარტია
  • თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში განისაზღვრება ტერიტორიები, სადაც ოთხ სართულზე მაღალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაზე გამოცხადდება დროებითი მორატორიუმი;
  • ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის მისაღწევად გაკონტროლდება საწვავის ხარისხი და დაწესდება ავტოტრანსპორტის ტექდათვალიერების სათანადო ნორმები. ამ უკანასკნელისთვის ამუშავდება მოსახლეობის მხარდამჭერი საბიუჯეტო თანადაფინანსების პროგრამა;
  • დაინერგება სამშენებლო სამუშაოებისას მტვრის წარმოქმნის შემზღუდავი თანამედროვე ნორმები და მკაცრად გაკონტროლდება მათი შესრულება;
  • ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დამაბინძურებელი საწარმოებისთვის შემუშავდება დროში მკაცრად გაწერილი (არაუმეტეს ერთი საპარლამენტო ვადისა) პროგრამა, მათ საქმიანობაში ევროპულ სტანდარტების დასანერგად;
  • დადგინდება ურბანული გამწვანებული ტერიტორიების საზღვრები, ინვენტარიზაციას დაექვემდებარება ხე-ნარგავები და სრულად აიკრძალება ჯანმრთელი ხეების ჭრა, მშენებელ კომპანიებს, ნებართვის მიღებისას, ევროპული სტანდარტების შესაბამისად დაეკისრებათ მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება. ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება გამწვანებული ტერიტორიის ფართობის სულ მცირე 50%-ით გაზრდისთვის აუცილებელი სამუშაოები;
  • ამუშავდება ნარჩენების განცალკევებული შეგროვება-გატანისა და გადამუშავების მხარდამჭერი ეროვნული პროგრამა. საქართველოში პირველად შეიქმნება ადგილობრივი წარმომავლობის სახიფათო ნარჩენების სპეციალური პოლიგონი;
  • საკანონმდებლო დონეზე აიკრძალება დიდი ჰესებისა და ატომური ელექტროსადგურების მშენებლობა;
  • აუცილებლობის შემთხვევაში, მცირე ჰიდროელექტროსადგურები აშენდება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროების დასაკმაყოფილებლად, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის თანხმობით, შესაბამისი პლებისციტის ორგანიზების, მისი შედეგების სავალდებულოდ გათვალისწინების პირობითა და ევროპული სტანდარტების დაცვით;
  • შემუშავდება ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვისა და ალტერნატიული (მზის, ქარის და სხვ.) ენერგეტიკის განვითარების ხელშემწყობი ფართომასშტაბიანი პროგრამები; მათ შორის, ინდივიდუალური სისტემებისა და მასალების შეძენა-მონტაჟის მხარდაჭერა საბიუჯეტო სახსრების გამოყენებით, მოქალაქისთვის გრძელვადიანი უპროცენტო სესხების გაცემის გზით.

პარტიის პოზიცია