შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
თავისუფალი საქართველო
უპირველეს ყოვლისა, ჩვენი გეგმა შეეხება ჯარიმების ამნისტიას: აუცილებელია, გადაიხედოს იურიდიული და განსაკუთრებით ფიზიკური პირებისთვის გამოწერილი ჯარიმები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 21 მარტიდან 25 აპრილის ჩათვლით 17 მილიონი ლარის ჯარიმა გამოწერა, რაც პრაქტიკულად აზრს უკარგავს იმავე პირებისთვის „დახმარების“ გაწევას. ჩამოწერა შესაძლოა არ შეეხოს ყველას, არამედ მხოლოდ იმ პირებს, რომლებმაც კარანტინის წესები დაარღვიეს საყოფაცხოვრებო პირობებში და დარღვევები არ იყო რეგულარული ან კომერციული ხასიათის. ასევე თვითდასაქმებულებისა და დაქირავებულებისთვის გთავაზობთ თანაბარ დახმარებას: აბსოლუტურად გასაგებია, რომ მთავრობა ავტომატურად გადაუხდის კომპენსაციას დაქირავებული შრომით დაკავებულ პირებს (თვეში 200 ლარს), თუმცა გაუგებარია, რა ნიშნით ხდება თვითდასაქმებულების დისკრიმინაცია და მათთვის ერთჯერადად მხოლოდ 300 ლარის დარიცხვა. თვითდასაქმებულები ჩვენი ქვეყნის ყველაზე მოწყვლადი სოციალური ფენაა. ისინი ყველაზე ადრე დაზარალდნენ კორონავირუსისგან და ყველაზე რთული იქნება მათთვის, განსხვავებით დაქირავებული შრომით დასაქმებული პირებისგან, შემოსავლების წყაროს განახლება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ მათზეც სრულად უნდა გავრცელდეს 200 x 6 სისტემა, რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ ისინი დაასაბუთებენ თავიანთი შემოსავლის წყაროს. სამთავრობო გეგმაში აუცილებლად უნდა იყოს ასევე დათქმა, რომ თვითდასაქმებულებს, რომლებიც დაასაბუთებენ თავიანთ შემოსავალს, არ უნდა დაეკისროთ არანაირი სანქციები გადასახადების დამალვის ან გადასახადებისგან თავის არიდების გამო.

პარტიის პოზიცია