თავისუფალი საქართველო
„თავისუფალი საქართველო“ ეკონომიკური გეგმის ფორმირებისას პრიორიტეტად განიხილავს ადგილობრივი წარმოების წახალისებას, კერძოდ კი, დაწესდება საბაჟო და ანტიდემპინგური შეზღუდვები იმ ძირითადი მოხმარების პროდუქციაზე, რასაც საქართველო თავად აწარმოებს. ასევე სახელმწიფო უშუალოდ (და არა ბანკების მეშვეობით) დააფინანსებს ადგილობრივი წარმოების განვითარებას. გამოცხადდება პირობითი ფინანსური ამნისტია: არაკანონიერი წესით მიღებული შემოსავლების ლეგალიზაცია და პატიება შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აქტივები ინვესტირებული იქნება ადგილობრივ წარმოებაში. შემცირდება მცირე მეწარმეებისთვის დაწესებული გადასახადები, ასევე სახელმწიფო შესყიდვებში მცირე მეწარმეებს მიენიჭებათ უპირატესობა.
ასევე „თავისუფალი საქართველო“ გადადგამს ნაბიჯებს სოფლის მეურნეობის გადასარჩენად, კერძოდ კი, სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსავლის ძირითადი სახეობების შესყიდვას მსოფლიო ბაზარზე არსებული ფასების გათვალისწინებით. სხვადასხვა ბიუროკრატიული და გასართობი ღონისძიების სეკვესტრირების ხარჯზე გაიზრდება სოფლის განვითარების შემდეგი მიმართულებების დაფინანსება: გზების კეთილმოწყობა, ბუნებრივი აირით მომარაგება და წყალმომარაგება. იმავდროულად, ბუნებრივი აირით სოფლების სრულ უზრუნველყოფამდე დაწესდება შეშის ჭრის შეღავათიანი რეჟიმი ადგილობრივ თვითმმართველობებთან შეთანხმებით. საქართველოს საზღვრებზე დაწესდება უმკაცრესი სასურსათო კონტროლი, რათა შიდა ბაზარზე არ მოხვდეს მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტირებული იაფფასიანი, მაგრამ ეკოლოგიურად არაჯანსაღი პროდუქტები.