შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
რეფორმატორები
საქართველოში ტურიზმისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების, შიდა და გარე ტურიზმის მიმართულებებით შემუშავებული გვაქვს აგროტურიზმის, სასოფლო და ეკოტურიზმის, გასტრონომიული და სანახაობითი ტურიზმის, ფოლკლორული და რელიგიური ტურიზმის განვითარების პროგრამა, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი მცირე (საოჯახო) და საშუალო ზომის ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობაა. არსებული მდგომარეობით, საქართველოს ტურისტული ბიზნესი ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტს უმეტესწილად სთავაზობს სასტუმრო მომსახურებას და საკვებს, რომლის 80% იმპორტირებულია. „რეფორმატორები“ ვგეგმავთ ამ სფეროს სრულ ინტეგრაციას სოფლის მეურნეობის ადგილობრივ წარმოებასთან და რეგიონალურ თუ გეოგრაფიულ კლასტერებად ჩამოყალიბებას. ეროვნულ ეკონომიკაში ტურიზმის გავლენის გაძლიერებასა და შემოსავლების ზრდას დიდწილად განაპირობებს საოჯახო და აგროტურისტული ინფრასტრუქტურის გაფართოება, მომსახურების ხარისხისა და ამ სფეროში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობების განვითარება. პანდემიასთან დაკავშირებული გლობალური კარანტინის გამო ტურისტული სერვისის ოპერატორები და სასტუმროები 2 წლით გათავისუფლდებიან დამატებითი ღირებულების გადასახადისგან. შრომის ბაზრის მეშვეობით ტურიზმს მიეცემა პოტენციური კავშირების განვითარების შესაძლებლობა სხვა სექტორებთან, განსაკუთრებით - სოფლის მეურნეობასთან და მეთევზეობასთან. ასევე შექმნას „კარგი სამუშაოები“, რომელიც ხასიათდება ჯანმრთელი, უსაფრთხო და მისაღები სამუშაო პირობებით. კრიზისული სიტუაციების გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ტურიზმის სეგმენტები, სხვა დარგებთან შედარებით, გამოირჩევა კრიზისის მგრძნობელობით. ამდენად, ჩვენი შეთავაზებაა, რადიკალურად შეიცვალოს ტურიზმის დაბეგვრის სისტემა და შემცირდეს ფიქსირებული იჯარის მოცულობა. კრიზისის დროს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ეს სექტორი მოკლევადიანი საგრანტო და სასესხო პროდუქტებით, აგრეთვე ფინანსური ლიკვიდობით. ამით შეძლებისდაგვარად შემცირდება უარყოფითი შედეგები განსაკუთრებით დამწყები და ახლად დაფუძნებული ტურისტული სეგმენტებისთვის. იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა დიდწილად ტურიზმს ეყრდნობა, ჩვენ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ვგეგმავთ შინამეურნეობების ტურიზმში ინტეგრაციას და მათი შემოსავლის წყაროების დივერსიფიკაციას, რენტაბელობის ამაღლების მიზნით.

პარტიის პოზიცია