შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
რეფორმატორები
აგრარული პოლიტიკა „რეფორმატორების“ საარჩევნო პროგრამის უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენი დაბალანსებული რეფორმების შედეგად სოფლის მეურნეობა გახდება ერთ-ერთი განვითარებული დარგი, რასაც ინოვაციური ტექნოლოგიების, ტრადიციული და თანამედროვე ცოდნის ინტეგრაციით მივაღწევთ. ქვეყნის არასწორი აგრარული პოლიტიკის გამო იმპორტირებულ სასურსათო პროდუქციას ადგილობრივი ბაზრის თითქმის 80% უკავია, და ეს მაშინ, როდესაც არსებული სტატისტიკის მიხედვით მთლიანი მოსახლეობის 53% დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში და ქვეყანას გააჩნია ბუნებრივ-კლიმატური, ნიადაგური რესურსი წარმატებული სოფლის მეურნეობისთვის. არსებული საკანონმდებლო ბაზა არ იძლევა სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანად მართვისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებად ჩამოყალიბების საფუძველს, ამიტომ „რეფორმატორების“ აგრარული პოლიტიკა დაეფუძნება მაღალკვალიფიციური ფერმერების ცოდნასა და გამოცდილებას, მეწარმეთა და ფერმერთა კონკურენტუნარიანობის განმტკიცებას. შვეიცარიულ მოდელზე დაყრდნობით, შეიქმნება ახალგაზრდა და დამწყებ ფერმერთა ხელშემწყობი სათემო ბანკები, რითაც გაჩნდება ხელსაყრელი გარემო ახალი ბიზნესმოდელების შესამუშავებლად. სათიბ-საძოვრები, მათი ეფექტური გამოყენების მიზნით, ადგილობრივ თვითმმართველობებს გადაეცემა. განისაზღვრება საოჯახო მეურნეობისა და ფერმერის სტატუსი. შეიქმნება რეგიონალური მიწის ფონდი, რაც ხელს შეუწყობს შიდა და გარე ინვესტიციების მოზიდვას. ჩვენი პრიორიტეტია მაღალმთიანი და საზღვრისპირა რეგიონების აგრარული პოტენციალის ხელშეწყობა, ალპური და სუბალპური მეცხოველეობის განვითარება, ორგანული სოფლის მეურნეობის ზონების შექმნა და მხარდაჭერა, რაც თავისთავად აგროტურიზმს შეუწყობს ხელს. კლიმატადაპტირებადი ახალი მარცვლეულისა და სხვა საკვები კულტურების კულტივაციასთან ერთად, სახელმწიფო წაახალისებს აგრარული ბიომრავალფეროვნების შექმნას, ენდემური ჯიშებისა და სახეობების, პოპულაციების მოვლას, გამრავლებასა და კონსერვაციას. ამოქმედდება სახელმწიფო პროგრამები აგროეკოლოგიისა და გარემო რესურსების დამზოგავი ტექნოლოგიების დასანერგად. უმთავრესი პრიორიტეტი გახდება ირიგაცია-მელიორაციის, სასოფლო-სამეურნეო უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა, რისთვისაც შემუშავდება სოფლის მეურნეობის სფეროში საინფორმაციო სისტემებისა და მონაცემთა ბაზის გაცვლის, ე.წ. ბლოკჩეინ სისტემები. ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჩამოყალიბდება საოჯახო მეურნეობებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საგანმანათლებლო ცენტრები. მეცხოველეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო გრძელვადიანი საგრანტო კომპონენტების ფარგლებში, მოახდენს სუბსიდირებას მაღალხარისხიანი რძისა და რძის პროდუქტების, აგრეთვე ხორცის პროდუქტების საწარმოების გასახსნელად.

პარტიის პოზიცია