შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
რეფორმატორები
„რეფორმატორებს“ Covid-19-ის პანდემიამ და მისმა გლობალურმა შედეგებმა დაგვანახვა ადგილობრივი წარმოების, სასურსათო თვითუზრუნველყოფის, მიწოდებისა და განაწილების ქსელების დივერსიფიკაციის აუცილებლობა. კომპანიები, საწარმოები, სხვადასხვა სერვისის მიმწოდებლები პარალიზებულები აღმოჩნდნენ მკაცრი იზოლაციის პირობებში. ეს შეფერხებები პირდაპირ აისახა ქვეყნების როგორც სოციალურ, ისე ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ჩვენი ეკონომიკური გუნდის გათვლით, ვირუსული პანდემიები საგრძნობლად შეცვლის მსოფლიო სოციალურ-ეკონომიკურ მოდელს მომავალი ათწლეულის განმავლობაში. ამიტომაც ეკონომიკური მოდელები უნდა გახდეს უფრო ავტონომიური და, რაც მთავარია, პასუხობდეს მდგრადი განვითარების მიზნებს. ამდენად, ჩვენ მიერ შემუშავებული ეკონომიკური მოდელი ეფუძნება მიწოდებისა და განაწილების ქსელების რეგიონალურ კონცეფციას, ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური ინოვაციების კონცენტრაციას, სოფლის მეურნეობის წილის გაზრდას მთლიან შიდა პროდუქტში და იმპორტჩანაცვლებით სტრატეგიასა და რეგიონალური მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. სურსათის, სასურსათო პროდუქციის გადამმუშავებელი და შესანახი, მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურულ-ლოჯისტიკური ჰაბი, ქვეყნის საზღვაო-საპორტო პოტენციალის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება. რეგიონების განვითარების ასიმეტრია და ეკონომიკური მოდელების არამდგრადობა მომავალში შესაძლოა დაკავშირებული იყოს ახალ გამოწვევებთან, კლიმატის ცვლილებასთან თუ გლობალურ პანდემიებთან. ამიტომ საქართველომ მსგავს გამოწვევებს უნდა უპასუხოს ციფრული ეკონომიკის, მწვანე ეკონომიკის, ინკლუზიური ეკონომიკის შესაძლებლობების გაძლიერებით. შემუშავდება კრიზისიდან გამოსვლის მოკლე და გრძელვადიან შედეგებზე ორიენტირებული სტრატეგია, რომლის პრიორიტეტიც იქნება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და ადამიანური კაპიტალის გონივრული გამოყენება. არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, მნიშვნელოვან რეფორმას ვთავაზობთ შიდა ინვესტირების სახით ადამიანური კაპიტალის გასაძლიერებლად. ეს შესაძლებელი გახდება თანამშრომლებისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნებით, ანუ ახალი უნარების შესაძენად აუცილებელია სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზება და სადაზღვევო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის. მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისა და მთლიან შიდა პროდუქტში ეროვნული პროდუქციის მოცულობის გაზრდის მიზნით შემუშავდება ფისკალური მექანიზმები გრძელვადიანი მიზნობრივი საგრანტო და განვითარების პროგრამების სახით.

პარტიის პოზიცია