ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია
ჩვენი გეგმით:
20%-ით გაიზრდება ხელფასი ყველა სამხედრო მოსამსახურისთვის;
ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრობა არის ქართველი ერის გაცნობიერებული არჩევანი. ჩვენ გავაგრძელებთ განუხრელ მსვლელობას ნატოში გაწევრიანების მიმართულებით, რაც იქნება საქართველოს სახელმწიფოსა და მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის მნიშვნელოვანი საფუძველი;
კიდევ უფრო მეტად გავაღრმავებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობას, გავაძლიერებთ თანამშრომლობას სამართალდამცავ და უსაფრთხოების დასავლურ სტრუქტურებთან, საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში გარე ჩარევების განეიტრალების მიზნით;
გავაძლიერებთ სამხედრო მრეწველობას, რომელიც, ერთი მხრივ, განამტკიცებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, ხოლო, მეორე მხრივ, გაზრდის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს ასობით მილიონი დოლარის ოდენობით;
ახალი ძალისხმევით გავაგრძელებთ შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია-აღჭურვას, რაც ბოლო 8 წლის განმავლობაში შენელდა. განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო, ანტისატანკო თავდაცვასა და კიბერუსაფრთხოებას;
შეიარაღებულ ძალებს ეტაპობრივად და სრულად გადავიყვანთ პროფესიულ-საკონტრაქტო სისტემაზე, შესაბამისად, უარს ვიტყვით სავალდებულო სამხედრო სამსახურზე;
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამხედრო პირთა ობიექტურ პრინციპებზე დაფუძნებული კარიერული ზრდის, გამჭვირვალე და სამართლიანი სისტემის დამკვიდრებას;
გაიზრდება სამხედრო მოსამსახურეთა ანაზღაურება და მათ ოჯახებს გადაეცემათ ჯანმრთელობის დაზღვევის საუკეთესო პაკეტი;
შრომისუნარიანობა დაკარგულ, დაჭრილ სამხედროებს შეუნარჩუნდებათ ხელფასის ასი პროცენტი, მთელი ცხოვრების განმავლობაში;
სამხედრო ოპერაციებსა და მისიებში დაღუპულ სამხედროთა ოჯახებს შეუნარჩუნდებათ ხელფასის ასი პროცენტი, მთელი ცხოვრების განმავლობაში.