შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია

მთავარი გეგმის მიზანია: საქართველოს საერთაშორისო როლის გაზრდა დეოკუპაციისა და ევროინტეგრაციისთვის; ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გაძლიერება, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების აღდგენა და განმტკიცება; ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების დაჩქარება; ინვესტიციების მოზიდვა მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებაზე, საქართველოს მოქალაქეთა კეთილდღეობასა და სიმშვიდეზე. „ქართული ოცნების“ მმართველობამ მიზანმიმართულად გააქრო საქართველო საერთაშორისო რადარებიდან, გააფუჭა ურთიერთობები ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დატოვა სახელმწიფო მზარდი ინვესტიციებისა და ევროინტეგრაციის პერსპექტივების გარეშე. საქართველოს სასიცოცხლოდ სჭირდება მყარი საგარეო კურსი, გააქტიურებული საერთაშორისო ურთიერთობები და სწრაფად მზარდი საერთაშორისო ინვესტიციები. ჩვენი გეგმით:

 

  • გააქტიურდება ნატო-საქართველოს პარტნიორობის ფორმატი და საქართველო გახდება ნატოს წევრი;
  • დემოკრატიზაციის პროცესის ხელშეწყობით, გააქტიურდება საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა, დაჩქარდება ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაცია;
  • აღდგება და გაფართოვდება გაუარესებული ურთიერთობები ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, შეიქმნება სპეციალური სტრატეგია, რომელიც აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ეკონომიკური სიკეთის საქართველოს მოქალაქეებამდე მიტანას უზრუნველყოფს;
  • ასევე შემუშავდება სპეციალური სტრატეგია, რომელიც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა ეკონომიკური სიკეთის საქართველოს მოქალაქეებამდე მიტანას უზრუნველყოფს;
  • გააქტიურდება ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებები, სადაც საქართველო დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით არ არის ერთი ერთზე დარჩენილი რუსეთთან;
  • საგარეო ურთიერთობებში უმნიშვნელოვანესი მიზანი იქნება ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა; ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროგრამის წარმატებულ მაგალითზე ქართული პროდუქციისთვის ახალი ბაზრების მოძებნა და ათვისება;
  • მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცევა ტურისტების მოზიდვას მდიდარი ქვეყნებიდან, საქართველოს პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე.

პარტიის პოზიცია