შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია

ჩვენი გეგმით გათვალისწინებული სოციალური მხარდაჭერის რეფორმის მიზანია, სიღარიბიდან ამოიყვანოს ოჯახები და ამ გზით ხელი შეუწყოს ქვეყანაში ფინანსურად ძლიერი და დამოუკიდებელი ოჯახების ჩამოყალიბებას. დღეს არსებული სოციალური პოლიტიკა არ არის ორიენტირებული ადამიანის სიღარიბიდან ამოყვანაზე და, უფრო მეტიც, უბიძგებს მას სიღარიბეში დარჩენისკენ. დღეს არსებული სისტემით, მოქალაქეები, ერთჯერადად დასაქმების შემთხვევაშიც კი, კარგავენ სოციალურ დახმარებას. მათ არ უნდა უწევდეთ სამსახურზე უარის თქმა დახმარების დაკარგვის შიშით. სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებს, დასაქმებიდან ერთი წლის განმავლობაში, შევუნარჩუნებთ სახელმწიფო დახმარებას, რათა მათ გაუჩნდეთ ფინანსური სტაბილურობის განცდა, შეძლონ ფეხზე მყარად დადგომა და საკუთარ ოჯახზე ზრუნვა. სოციალური დახმარების მიმღებთა სარეიტინგო ქულას გავზრდით 200 000-მდე და შედეგად, გავაორმაგებთ სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობას (დახმარებას მიიღებს 1 მილიონი ადამიანი); სოციალურ ბაზაში რეგისტრირებული 200 000-მდე ქულის მქონე ოჯახების ყველა წევრს დაენიშნება 100-ლარიანი ფულადი მხარდაჭერა. 200 000-მდე ქულის მქონე ყველა მოქალაქეს სრულად დაუფინანსდება ჯანდაცვა და განათლება. ჩვენი გეგმით, პენსიონერებზე მზრუნველობის რეფორმის მიზანია, ხანდაზმულებისთვის ევროპული სტანდარტის ღირსეული და ხანგრძლივი ცხოვრების უზრუნველყოფა. უკიდურესი გაჭირვებისა და გაუსაძლისი პირობების შედეგად, საქართველოში ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, 10 წლით ნაკლებია. კრიზისამდე სოციალურად დაუცველის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა და სახელმწიფო დახმარებას იღებდა 75 000 პენსიონერი. თუმცა, ქვეყანაში არსებული უკიდურესი სიღარიბის გამო, გაცილებით მეტი პენსიონერი საჭიროებს სახელმწიფო დახმარებას - სოციალური დახმარების მიღებაზე განაცხადი უკვე შეიტანა და შესაბამის ბაზაში დამატებით 125 000 პენსიონერი დარეგისტრირდა. პენსია 400 ლარი და ყოველწლიურად მზარდი ღირსეული მხარდაჭერა პენსიონერებს! 75 000 პენსიონერის ნაცვლად სოციალურ დახმარებას მიიღებს საპენსიო ასაკის 200 000 პენსიონერი; ყველა პენსიონერი მიიღებს 400-ლარიან კერძო, პრემიუმხარისხის სადაზღვევო ვაუჩერს, რომლითაც მათ დაუფინანსდებათ მედიკამენტების, მინიმუმ, 50%; უსახლკარო პენსიონერებისთვის შეიქმნება ევროპული სტანდარტის პენსიონერთა საერთო საცხოვრებელი.

პარტიის პოზიცია