შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია

ჩვენი გეგმის თანახმად, განათლების რეფორმის მიზანია, საქართველო გახდეს თანამედროვე და ტექნოლოგიური საგანმანათლებლო ცენტრი რეგიონში და მომავალ თაობებს თვითრეალიზებისა და წარმატების თანაბარი შესაძლებლობა მისცეს.

 

ბაღის აღსაზრდელებს: გადაეცემათ 1500-ლარიანი სკოლამდელი განათლების ვაუჩერი. ჩვენ შემოვიღებთ საბავშვო ბაღების ვაუჩერულ დაფინანსებას, როცა ყველა მშობელს მიეცემა არჩევანის შესაძლებლობა, შვილი მიიყვანოს როგორც საჯარო, ისე კერძო ბაღში.


სასკოლო ასაკის მოსწავლეებს: ჩვენი გეგმა ითვალისწინებს 2000-ლარიანი სასკოლო ვაუჩერის გადაცემას. 3-ჯერ გაზრდილი დაფინანსებით მოსწავლე ისარგებლებს როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლაში. სასკოლო ასაკი უნდა განისაზღვროს სამართლიანი პრინციპით - კალენდარული წლით. 5 წლის ასაკის ბავშვის მშობელმა თავად უნდა მიიღოს შვილის სკოლაში მიყვანის გადაწყვეტილება, რაშიც მას სახელმწიფო ფსიქოლოგებისა და ექსპერტების ინდივიდუალური რეკომენდაციებისა და ონლაინკონსულტაციის უზრუნველყოფით დაეხმარება.

 

პედაგოგებს: 2000-ლარიანი ანაზღაურება. ვაუჩერული დაფინანსების გაორმაგება სკოლის შემოსავალს საშუალოდ 2,5-ჯერ გაზრდის. ზოგად განათლებაში დაფინანსების კონკურენციაზე დაფუძნებულ მოდელზე გადასვლა, საშემოსავლო/მოგების გადასახადების გაუქმება და დაფინანსების ზრდა მნიშვნელოვნად აისახება პედაგოგის ხელფასზე.

 

ჩვენი გეგმის თანახმად, უნდა დაინერგოს პროფესიული განათლების საერთაშორისოდ აღიარებული 3, 6 და 9-თვიანი BTEC პროგრამები და კვალიფიკაციის აღიარების მექანიზმები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი მოქალაქეების ხელფასს და გაადვილებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში მათ დასაქმებას. ჩვენი გეგმა ითვალისწინებს უმაღლესი სასწავლებლის 100%-იანი სახელმწიფო გრანტის 2250 ლარიდან 4500 ლარამდე გაზრდას. ყველა სტუდენტი, რომლებსაც დღეს აქვთ 30%-იანი და მეტი გრანტი, დაფინანსდებიან სრულად - 100%-ით. შესაბამისად, 15 000-დან 50 000-მდე გაიზრდება 100%-იანი გრანტის მფლობელთა რაოდენობა. სრულად დაფინანსდება მსოფლიოს ტოპ-100 უნივერსიტეტში მიღებული ყველა სტუდენტი. განათლების მინისტრი შეითავსებს კომერციული ატაშეს ფუნქციას და ლობირებას გაუწევს რეფორმებს, რომლებიც გაამარტივებს სასწავლო ვიზების მიღების პროცესს; ასევე ევროპის თანამედროვე საგანმანათლებლო ცენტრში პოპულარიზებას გაუწევს იდეას - „ისწავლე საქართველოში!“.

პარტიის პოზიცია