შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
შედარების შედეგები - ჯანდაცვა
რა პოლიტიკის და კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას გეგმავთ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და მისი ხარისხის ასამაღლებლად?
სტრატეგია აღმაშენებელი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ „ჯანდაცვის ახალი ქართული მოდელის“ მიზანია შეიქმნას ინოვაციებსა და მაღალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მაქსიმალურად ხარჯთეფექტიანი ჯანდაცვის ქართული მოდელი, რომელიც პაციენტებს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას შესთავაზებს. მოქალაქეებისთვის მიწოდებული სერვისების ხარისხი და ფინანსური ხელმისაწვდომობა იქნება ახალი მოდელის ძირითადი მახასიათებელი. ჯანდაცვის ახალი მოდელის ძირითადი ინიციატივებია:

 

  • ინიციატივა „ინდივიდუალური ჯანმრთელობის გეგმა საქართველოს ყველა მოქალაქეს“ - გულისხმობს, რომ თითოეულ მოქალაქეს ექნება პერსონალური ჯანდაცვის გეგმა დაწყებული დაბადებიდან (ან პროგრამაში ჩართვიდან). ეს საშუალებას მისცემს მას, ოჯახის ექიმის დახმარებით ჩაიტაროს ყველა სავალდებულო აცრა, გაიაროს საჭირო სამედიცინო პროცედურები (მათ შორის სიმსივნის სკრინინგი), ჰქონდეს წვდომა რეცეპტით დანიშნულ წამლებზე, დაგეგმოს ექიმთან ვიზიტი ან საჭირო პროცედურა მისთვის მისაღებ დროს და ადგილას.
  • ონკოლოგიური დაავადებების ყოვლისმომცველი მართვა და სრული ფინანსური დაფარვა ყველა ეტაპზე: პრევენცია, სკრინინგი, ადრეული დიაგნოსტიკა, მაღალი ხარისხის მკურნალობა, ზრუნვა და პალიატიური მოვლა.
  • ჯანდაცვის სისტემის სრული დიგიტალიზაცია - ჯანდაცვის ელექტრონული სისტემების სრული ინტეგრაცია ჯანდაცვის ყველა დონეზე, რაც გახდის სისტემას უფრო პერსონიფიცირებულს, ხარჯთეფექტიანს და ხელს შეუწყობს სანდო სტატისტიკის შექმნას.
  • „საქართველო - რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრი“. სამკურნალო კურორტების მოწესრიგებით, ინვესტიციის მოზიდვით, უსაფრთხოებისა და მომსახურების მაღალი სტანდარტების დანერგვით ჩვენ ვიზრუნებთ, რომ საქართველო წარმოჩნდეს მსოფლიო დონეზე როგორც სამედიცინო ტურისტული დანიშნულებისთვის მიმზიდველი ადგილი.
  • წამლის ფასის შემცირება სულ მცირე 30%-ით ფასების გამჭვირვალობის, ე.წ. რეფერენსფასებისა და ფასწარმოქმნის ევროპული სტანდარტების დანერგვით. ყურადღება მიექცევა პრიორიტეტული სფეროების (უწინარესად, ფარმაცევტული) დემონოპოლიზაციის პროცესს და ბაზარზე გამჭვირვალე, ჯანსაღი კონკურენციის დანერგვას. ფასების მოწესრიგების პარალელურად, სახელმწიფო დაიწყებს წამლის ხარისხზე ზრუნვას ახალი მოდულების დანერგვის გზით (СTD, track and trace და სხვ.).
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო ჯანდაცვის სფეროს უმთავრეს პრიორიტეტად განისაზღვრება პირველადი ჯანდაცვის სისტემის ფუნდამენტური დახვეწა, რაც უზრუნველყოფს ავადობის ადრეულ გამოვლენას, გააუმჯობესებს მოსახლეობის ჯანმრთელობის მაჩვენებელს. სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა იქნება. ჯანდაცვაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის მიღწევისთვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, ყველა მოსარგებლე მიიღებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, მისთვის მოსახერხებელ ადგილას დაყოვნების გარეშე. გაგრძელდება აუცილებელი მედიკამენტებით უზრუნველყოფა ქრონიკული დაავადებების ეფექტური მართვისთვის. ასაკობრივი პენსია ეტაპობრივად 300 ლარამდე, სხვადასხვა საპენსიო კატეგორიისთვის კი 400 ლარამდე გაიზრდება.
სამართლიანობისთვის

ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ ჯანდაცვის სერვისები და კოორდინაცია გავუწიოთ ჯანმრთელობის დაცვის უფრო თანაბარ და სამართლიან განაწილებას. მთავარი ამოცანაა დაავადების მიერ გამოწვეული ზიანის თავიდან აცილება. ეს არ არის მხოლოდ ჯანდაცვის სამსახურის ამოცანა, ის ასევე ითვალისწინებს საზოგადოების ყველა იმ სექტორის ჩართულობას, რომლებიც გავლენას ახდენენ საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების ოთხი ძირითადი მიმართულებაა:

 

  • პირობების შექმნა, რომ ხელი შეეწყოს ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას.
  • პროფილაქტიკური ღონისძიებების პრიორიტეტად გამოცხადება.
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის გაძლიერება ადგილობრივ დონეებზე.
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემაში ცოდნისა და გამოცდილების როლის გაზრდა.

 

შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს შორის აღსანიშნავია:

 

  • ადგილობრივი ჯანდაცვის სერვისების, მათ შორის პროფილაქტიკური ჯანდაცვის სერვისების ინტეგრირება ადგილობრივი თვითმმართველობის დაგეგმარების სისტემებში.
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ სტრატეგიის შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის გაძლიერებას და შესაბამისი ხელშემწყობი პირობების შექმნას. თამბაქოს მავნე ზემოქმედების პრევენციის პროგრამის შემდგომი დახვეწა.
  • ალკოჰოლის ხელმისაწვდომობის შემცირების სტრატეგიის შემუშავება, რომელიც ფასების რეგულაციას დაეფუძნება. ნარკოპოლიტიკის, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის ნაწილის, შემუშავება.
  • საგანგებო სიტუაციებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნისა და რეაგირების გასაუმჯობესებლად სპეციალური გეგმის შემუშავება.

 

ეს უკანასკნელი ხელს შეუწყობს სახელმწიფო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემებს, უკეთესად მოემზადონ ისეთი სიტუაციებისთვის, როგორიც არის, მაგალითად, კოვიდ პანდემია; უფრო სწრაფად განახორციელონ ყველა ის საჭირო ღონისძიება, რომლებიც გავლენას ახდენს საზოგადოების ჯანმრთელობაზე. ღონისძიებების კომპლექსი შემუშავდება/გატარდება იმ შეთანხმებების ფარგლებში, რომლებსაც ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულაციები (IHR) ითვალისწინებს. საგანგებო სიტუაციების დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენენ ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტები და დამხმარე კადრები. გადაიდგმება ნაბიჯები იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ სათანადო ანაზღაურება, მხარდაჭერა და გაუჩნდეთ მოტივაცია. აუცილებელია სპეციალისტების ტრენინგი და დამცავი საშუალებებით მათი აღჭურვა. ხელი შეეწყობა ჯანდაცვის სისტემის დიგიტალიზაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეფექტური რეაგირების მხარდასაჭერად.