ევროპული საქართველო
თბილისში საქართველოს მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს, თუმცა ის საქართველოს ეკონომიკის თითქმის ნახევარს ქმნის. ქალაქში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი, საქართველოს სხვა ქალაქებთან და რეგიონებთან შედარებით, თითქმის 2,5-ჯერ მეტია. ეს ნიშნავს იმას, რომ თბილისი საკმაოდ დიდი ბაზარია და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაც, საქართველოს სხვა ადგილებთან შედარებით, ბევრად მაღალია.
თბილისი ადმინისტრაციული და ლოჯისტიკური ცენტრია. შესაბამისად, თბილისშია კონცენტრირებული ბიზნესაქტივობის დიდი ნაწილი და სწორი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, ქალაქს აქვს რესურსი, მოიზიდოს დიდი ოდენობით ინვესტიციები, რაც გაზრდის ეკონომიკას და შეამცირებს სიღარიბესა და უმუშევრობას.
თბილისის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი მსხვილი პროექტი რკინიგზის გადატანაა, სადაც, გამოთავისუფლებული ადგილის სწორად ათვისების შემთხვევაში, ქალაქში შეიქმნება ათიათასობით სამუშაო ადგილი. ასევე, მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა უკეთეს გარემოში იცხოვროს და იმუშაოს.
ასევე, აუცილებელია თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობის დაჩქარება, რაც ორივე ქალაქის - მთლიანი აგლომერაციის ლოჯისტიკურ ფუნქციას კიდევ უფრო გააძლიერებს. ეს ნიშნავს დამატებით სამუშაო ადგილებს და მოსახლეობისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას.