შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ახალი მემარჯვენეები - გადასახადები და ფისკალური პოლიტიკა
საგადასახადო კანონმდებლობა არა ბიზნესის დასაჭერად, დასასჯელად ან/და დასაშინებლად, არამედ მის დასახმარებლად უნდა იქმნებოდეს. ეფექტური საგადასახადო ადმინისტრირების სისტემის ჩამოყალიბება და მისი შემდგომი განვითარება უნდა ითვალისწინებდეს საგადასახადო კანონმდებლობის მცირე ბიზნესის ინტერესებზე ორიენტირებულობას და შემდეგი პრობლემური საკითხების გადაჭრას:

  • ორგანულ კანონად ჩამოყალიბდეს „საქართველოს საგადასახადო კოდექსი.“  კოდექსში ცვლილებების, დამატებების და შესწორებების შედიოდეს მხოლოდ წინასწარი ერთთვიანი საჯარო განხილვების საფუძველზე;
  • საგადასახადო კანონმდებლობაში მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს ორმაგად წასაკითხი და რთულად განსამარტი დებულებები;
  • საგადასახადო ადმინისტრირების კომპონენტის ლიბერალიზაცია საგადასახადო კონტროლის მექანიზმების შემცირებასა და პროცედურების გამარტივებას უნდა გულისხმობდეს;
  • დაწესდეს დაბეგვრის საშეღავათო რეჟიმი მცირე საწარმოებისთვის, რაც გულისხმობს:
  • სახელმწიფო რეგისტრაციის პირველ წელს მოგების გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლებას;
  • საქმიანობის მეორე და მესამე წელს მოგების გადასახადის არსებული განაკვეთის მხოლოდ 50%-ის გადახდის ვალდებულებას.
  • დაბეგვრის საშეღავათო რეჟიმი უნდა გავრცელდეს ექსკლუზიურად მხოლოდ შემდეგი პროფილის სამეწარმეო საქმიანობაზე:
  • სოფლის მეურნეობის პროდუქტების პირველადი წარმოება;
  • სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი წარმოება;
  • კვების მრეწველობის პროდუქციის წარმოება;
  • ტურიზმი;
  • ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება.
  • გამარტივდეს ჯარიმების სისტემა. არ უნდა გამოიყენებოდეს საჯარიმო სანქციები, თუ მეწარმე შეცდომით ან წინასწარი გაზრახვის გარეშე უშვებს შეცდომას კუთვნილი გადასახადების გამოანგარიშებასა და გადახდაში. ჯარიმების ოდენობა და განაკვეთები უნდა იყოს დანაშაულის ან/და დარღვევის ადეკვატური და არ უნდა წარმოადგენდეს ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტის ან შეჩერების რისკს და საფუძველს.
  • გამარტივდეს საგადასახადო აღრიცხვისა და ანგარიშგების ფორმები. საგადასახადო დეკლარირება უნდა განხორციელდეს წელიწადში მხოლოდ ერთხელ;
  • აიკრძალოს ბიზნესის, განსაკუთრებით, მცირე ბიზნესის წინასწარი დალუქვების, მიმდინარე საქმიანობის შეჩერებისა და დაყადაღების პრაქტიკა, კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრული ერთეული გამონაკლისების გარდა;
  • აეკრძალოს საგადასახადო ორგანოებს სალარო აპარატის სადამსჯელო ინსტრუმენტად გამოყენების პრაქტიკა.