შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
კოალიცია ქართული ოცნება - გარემოს დაცვა

ჩვენი პრიორიტეტული მიმართულებებია:

  • მოქმედი გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და კანონმდებლობის შესაბამისობა ევროგაერთიანების მოთხოვნებთან სიცოცხლისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად;
  • გარემოზე ზემოქმედების სტრატეგიული შეფასებისა და გარემოს მდგომარეობის მონიტორინგის თანამედროვე პრინციპებზე დამყარებული სისტემის შექმნა;
  • მოქალაქეთა სრულად ინფორმირება გარემოსთან დაკავშირებული ვითარების თაობაზე, ასევე, გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი ჩაბმულობის ეფექტიანი მექანიზმების შექმნა;
  • გარემოს დაცვის მნიშვნელობის გააზრება და გაცნობიერება საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სათანადო ეროვნული პროგრამების მომზადებისა და მათი დანერგვის გზით;
  • კადრების მომზადებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების შესაძლებლობების გაზრდა  გარემოს დაცვის და საბუნებისმეტყველო დარგებში;
  • ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დანერგვა  მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად;
  • გარემოს დაცვისთვის საჭირო და ენერგოდამზოგველი ტექნოლოგიების დანერგვა;
  • სხვადასხვა სახეობისა და პოპულაციის  მდგომარეობის  კვლევა ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნებისა და რაციონალური ექსპულატაციისთვის;
  • დაცულ ტერიტორიებზე არსებული ობიექტების დაცვის გაუმჯობესება, აგრეთვე, მათი   ფართობის გაზრდა; ბუნების ძეგლებისა და დაცული ლანდშაფტების  ინვენტარიზაცია; დაცული ტერიტორიების პოპულარიზაცია და ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;
  • ტყეების გარემოსდაცვითი და რეკრეაციული ფუნქციების შენარჩუნების პრიორიტეტად აღიარება, მერქნული რესურსების მოპოვების შეზღუდვა   და რეგულირება;
  • ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის აკრძალვა; ენერგიის ალტერნატიული და განახლებადი წყაროების მოძიების ხელშეწყობა. პროგრამების განხორციელება ენერგოეფექტიანობის გაზრდისთვის, თანამედროვე ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამისი მიკრო- და მცირე ჰესების მშენებლობის მხარდაჭერა, არსებული ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაცია;
  • გენეტიკურად მოდიფიცირებული თესლეულისა და  სანერგე მასალის იმპორტის აკრძალვა. ამ ტიპის  პროდუქციის მარკირება და ადგილობრივი კულტურული ჯიშების შენარჩუნება-გამოყენების ხელშეწყობა;
    • ქვეყნის  ტერიტორიაზე რადიოაქტიური ნარჩენების, ასევე, სხვა მაიონიზებელი გამოსხივების  მქონე ნივთიერებების ტრანსპორტირების აკრძალვა, არსებული წყაროების  გამოვლენა და უსაფრთხო განთავსება, თანამედროვე სტანდარტების სათანადო საცავის მოწყობა;
    • სტიქიური მოვლენების პროგნოზირებისა და სწრაფი შეტყობინების სისტემის     ჩამოყალიბება, რომლის მიზანი იქნება მსხვერპლისა და ზიანის მაქსიმალურად შემცირება;
    • სანაპირო ზოლისა და მდინარეების ნაპირების დაცვა-აღდგენითი ღონისძიებები; გამწვანებული ტერიტორიების დაცვა და გაფრთხილება.