შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
უსუფაშვილი - რესპუბლიკელები

ეს საკითხი, უპირველეს ყოვლისა, უკავშირდება სახელმწიფოს ძალოვანი უწყებების, პირველ რიგში, უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის არსებულ საბჭოურ პრაქტიკას და ამ პრაქტიკის საკანონმდებლო რეგულაციების გაუმართაობას. მართალია, 2015 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ სააგენტოდ, რომელიც ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო და აუცილებელია ამ სამსახურის შემდგომი მოდერნიზაცია.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქცია უნდა იყოს სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება, ანალიზი, სისტემატიზაცია, სათანადო გადაწყვეტილებების მიღება, რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისთვის, საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემებთან თანამშრომლობა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ უნდა ეწეოდეს სისხლისსამართლებრივ დევნას, არ უნდა ადგენდეს, რა არის „სახელმწიფოებრივად სწორი" და რა არა, არ უნდა იღებდეს უფლებრივი შეზღუდვის გადაწყვეტილებებს კონკრეტული პირების მიმართ - იგი მხოლოდ ინფორმაციას უნდა აწვდიდეს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. სახელმწიფო უსაფრთხოების პრიორიტეტებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოქმედების ფარგლებს უნდა ადგენდეს პარლამენტი და არა თავად ეს სამსახური. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე უნდა დაწესდეს ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლი.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უნდა გამოეყოს და დამოუკიდებელი სააგენტოს სახით ჩამოყალიბდეს ტექნიკური დეპარტამენტი, რომელიც ამჟამად უზრუნველყოფს ფარულ ელექტრონულ მოსმენებს, როგორც ამავე სამსახურისთვის, ასევე ოპერატიულ-სამძებრო მიზნებისთვის.


კანონით ნებადართული ფარული ელექტრონული მოსმენების ტექნიკური უზრუნველყოფა, ელექტრონულ კომუნიკაციებთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების ბაზების შექმნა და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა უნდა განახორციელოს ისეთმა სამსახურმა, რომლის ფუნქცია მხოლოდ აღნიშნული საქმიანობა იქნება. ასეთად გვესახება დამოუკიდებელი ფარული ელექტრონული თვალთვალის სააგენტო, რომლის ხელმძღვანელსაც კანონით განსაზღვრული ვადით დანიშნავს პარლამენტი და რომელიც ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელი იქნება მხოლოდ პარლამენტის წინაშე. უნდა შეიქმნას სააგენტოს საქმიანობაზე ქმედითი საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი. გარდა ამისა, ოპერატიულ-სამძებრო მიზნებისთვის ფარული მოსმენებისა და პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება მუდმივად უნდა აკონტროლოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა.

პარტიის პოზიცია