შენების მოძრაობა
ურთიერთობის საფუძველზე, ჩვენ განვახორციელებთ სპეციალურ პროგრამას ავარიულ სახლებში მცხოვრებთათვის. ამ პროგრამის მიზანი იქნება ისეთი ეფექტიანი პროცესის ორგანიზება, რომელიც უზრუნველყოფს ავარიული კორპუსების ჩანაცვლებას ახალი საცხოვრებელი სახლებით. ჩანაცვლება მოხდება მინიმალური და ეფექტიანი დანახარჯების, სწორი არქიტექტურული განაშენიანებისა და მოსახლეობასთან სამართლიანი დამოკიდებულების შენარჩუნების პირობით. პროექტის უზრუნველყოფისთვის თბილისის მერიის მხრიდან გამოყენებული იქნება არაფულადი სახსრები. მერიის საკუთრებაში არსებული და პროექტისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთების ღირებულებითა და აგრეთვე, სხვადასხვა ნებართვისა და მოსაკრებლის უსასყიდლოდ მიწოდებით, მოხდება იმ დეველოპერების დაკმაყოფილება, რომლებიც ყველაზე უკეთეს შეთავაზებენ მოსახლეობას და თანხვედრაში მოვლენ მათ ინტერესებთან. მოქალაქეს, რომელიც დღეს ცხოვრობს ავარიულ სახლში, ექნება შესაძლებლობა, უსასყიდლოდ გადავიდეს, სულ მცირე, იმავე ზომის ხარისხიან ბინაში. დავიწყებთ ყველაზე სავალალო მდგომარეობაში მყოფი შენობებიდან და 4 წლის განმავლობაში თბილისში ავარიულ და გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებში მცხოვრებთა პრობლემის გადაჭრაში არსებით გარდატეხას მოვახდენთ.
მოხდება ყველა ძველი უბნის რეაბილიტაცია. კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებული საცხოვრებელი სახლების საკითხში მოქალაქეებთან და ინვესტორებთან უშუალო თანამშრომლობით განხორციელდება პროგრამა, რომელიც ამ კულტურულ მემკვიდრეობას მოქალაქეებისა და თბილისისთვის შემოსავლის წყაროდ აქცევს.
დღეს, როგორც ძველ, ისე ახლად აშენებულ საცხოვრებელ სახლებში, გათბობის ინდივიდუალური სისტემებია დამონტაჟებული. პრაქტიკულად ყველა შენობას აქვს ენერგოეფექტიანობის სერიოზული პრობლემა. შესაბამისად, დიდია ენერგეტიკული დანაკარგები და გათბობაზე გაწეული ხარჯები. ამ სერიოზული პრობლემის მოგვარების მიზნით, „შენების" გუნდს განზრახული აქვს ენერგოეფექტიანობის პროგრამის განხორციელება. პროგრამის მიხედვით, ყოველ მშენებარე კორპუსს წაეყენება ენერგოეფექტიანობის მოთხოვნა, რაც გულისხმობს შენობის ენერგოდანაკარგების მნიშვნელოვნად შემცირებას, გათბობისა და ცხელი წყლის ცენტრალიზებულ სისტემებზე გადასვლას. აღნიშნულ პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად გამოიყოფა 40 მილიონი ლარი, აქედან 8 მილიონი ლარი - თბილისის ბიუჯეტიდან, ხოლო 32 მილიონ ლარს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, დონორი ორგანიზაციებიდან და ევროფონდებიდან მოვიზიდავთ სესხისა და გრანტის, დაახლოებით, 50%-იანი კომპონენტის გათვალისწინებით. შედეგად, ყოველწლიურად ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებზე გადავა, დაახლოებით, 300 საცხოვრებელი სახლი. არსებული შენობებისთვის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობითა და ურთიერთსასარგებლო შეთანხმების საფუძველზე, განხორციელდება შენობების თბოიზოლაციის, ენერგეტიკული დანაკარგების შემცირებისა და ინდივიდუალური გათბობის სისტემების ცენტრალური გათბობისა და ცხელი წყლით უზრუნველყოფის სისტემებით ჩანაცვლება. ყოველივე ეს საგრძნობ ეკონომიას მისცემს ოჯახებს, შეამცირებს მავნე ზემოქმედებას მოსახლეობასა და გარემოზე.