ევროპული საქართველო
თბილისში განსაკუთრებით მწვავეა ავარიული საცხოვრებელი ფონდის, ასევე შეჩერებული (მიტოვებული) მშენებლობების საკითხი. დღეს ქალაქში 3,000-ზე მეტი ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლია (მათი დიდი ნაწილი ე.წ. "ხრუშოვკაა"). დანგრეული ან საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლებიდან ქირით 1,700-მდე ოჯახია გაყვანილი, ხოლო ქირაში გადახდილი თანხა, ყოველწლიურად, დაახლოებით, 6 მილიონი ლარია. მოსახლეობის დიდ ნაწილს უწევს საკუთარი სახსრებით, თვითნებურად გამაგრებულ, სიცოცხლისთვის სრულიად შეუსაბამო სახლებში ცხოვრება. ბოლო სამი წლის განმავლობაში წელიწადში საშუალოდ 20 მილიონი ლარი დაიხარჯა და საშუალოდ მხოლოდ 45 შენობის გამაგრება მოხერხდა.
განსაკუთრებით მწვავეა რკინიგზის ზონის არეალში მოქცეულ 70-მდე ქუჩაზე არსებული მდგომარეობა. აქ სახლები განიცდის ზენორმატიულ ვიბრაციას, განსაკუთრებით იქ, სადაც რკინიგზის ხაზიდან დაშორება 25-30 მეტრია. საცხოვრებელი შენობების მდგომარეობა მუდმივი საფრთხის ქვეშაა; ვერ და არ ხდება ავარიული შენობების გამაგრება. ამასთან, რკინიგზის გასწვრივ მოქმედებს მშენებლობის შეზღუდვის საშუალოდ 120-მეტრიანი ზოლი. ამ შემაფერხებელი ფაქტორების გამო, იქ არსებული მიწის ნაკვეთების და საცხოვრებელი სახლების ღირებულება გაუფასურებულია და რკინიგზის მიმდებარე ტერიტორია არ არის მიმზიდველი ინვესტორებისთვის.
არსებული ბიუროკრატიული პროცედურების ან სხვა შეზღუდვების გამო, ადამიანები ვერ ახერხებენ მათ საკუთრებაში არსებული ავარიული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების აღდგენას ან, თუ შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არაა, ძველის ახლით ჩანაცვლებას.
ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ საბიუჯეტო სახსრებით გაგრძელდეს მწვავედ ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება, ქალაქის ისტორიული, ტურისტული პოტენციალის მქონე უბნების რეაბილიტაცია, თუმცა ამავდროულად, საბიუჯეტო დაფინანსების ეფექტურად გამოყენებით, უნდა შევქმნათ ამ პროცესში სამშენებლო ბიზნესისა და ფინანსური ინსტიტუტების მონაწილეობის სტიმულირების სპეციალური პროგრამა, რომლის შედეგი ათასობით ავარიული, უკვე დანგრეული და ქალაქში არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გარანტიით, კერძო ინვესტორებთან ერთად გადაიჭრება.
შესაბამისად, "ევროპული საქართველო":
ქალაქის იმ უბნებში, სადაც ძირითადად ინდივიდუალური ავარიული სახლები და რთული საცხოვრებელი პირობებია (მაგალითდ, ნაძალადევი, სანზონა, ლოტკინი, ავჭალა, ვეძისი), შესაძლებელი გახდება კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მდგარი სახლების რეკონსტრუქცია და ახალი ინდივიდუალური სახლების მშენებლობა მხოლოდ მერიის წერილობითი დასტურით, მსგავსად დღეს მოქმედი პირველი კლასის მშენებლობის რეგულაციისა.