შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

კოალიცია ქართული ოცნება » პირველადი ჯანდაცვა

რა პოლიტიკას გაატარებთ პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად?

პირველადი სამედიცინო მომსახურება მოსახლეობას მიეწოდება უფასოდ და/ან მინიმალური თანაგადახდით, განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა თუ ფინანსური მდგომარეობისა.

პირველადი ჯანდაცვის  მომსახურებაში მყოფ თითოეულ ადამიანზე გამოიყოფა წლიური თანხა (კაპიტაციის ან საბიუჯეტო მეთოდით). ეს თანხები განისაზღვრება მოსახლეობის გეოგრაფიული მოცვის არეალის საფუძველზე.  დაფინანსება მოხდება  რეგისტრირებულთა რაოდენობის მიხედვით. პაციენტების რეგისტრაციის სისტემის განვითარების შემდეგ, პაციენტებს საშუალება მიეცემათ, შეარჩიონ ოჯახის პრაქტიკოს ექიმთა საკუთარი გუნდი, შესაბამისად, კაპიტაციური დაფინანსება მიებმება პაციენტს. აღნიშნული მექანიზმი ხელს შეუწყობს სერვისების მიმწოდებლებს შორის კონკურენციას, რაც თავის მხრივ, აისახება მომსახურების დონის ამაღლებაში. ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება აუცი­ლე­ბე­ლი (ბაზისური) ამბულატორიული მომსახურებით, რომელიც  მოსახლეობას მიეწოდება საცხოვრებელ  ადგილთან  ახლოს,  ოჯახის ექიმის ან ზოგადი თერაპევტისა და პედიატრის მიერ პირველადი ჯანდაცვის გუნდთან ერთად.  აღნიშნულ ჯგუფში შედიან  ზოგადი პრაქტიკის ექთნები და (ან) ბებიაქალები.

აღნიშნული ითვალისწინებს:

  • საექიმო კონსულტაციას, როგორც ამბულატორიულად, ისე პაციენტის ბინაზე სამ­კურ­ნალო თუ პრევენციული მიზნით;
  • ფუნქციურ-დიაგნოსტიკურ და ლაბორატორიულ გამოკვლევებს;
  • მიმართვას (რეფერალს) მეორე ან მესამე დონის სამედიცინო დაწესებულებაში;
  • რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის (მათ შორის, ორსულთა მეთვალყურეობა, ოჯახის დაგეგმვა, სქესობრივად გადამდები დაავადებები, ბავშვთა ზრდა-განვითარებაზე მეთვალყურეობა) ღონისძიებებს;
  • ტუბერკულოზის, გულ-სისხლძარღვთა და სხვა არაგადამდები ქრონიკული დაა­ვა­დე­ბების მართვის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებს;
  • ასევე, საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართულ ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა: მოსახლეობის ჯანმრთელობის საჭიროებების შეფასება, იმუნიზაცია, თემში ჯანმრთელობისთვის საშიში სიტუაციების გამოვლენა, ჯანმრთელობის საკითხებზე მოსახლეობის ინფორმირება და განათლება, თემის მობილიზება ჯანმ­რ­თე­ლობის პრობლემების გამოვლენისა და გადაწყვეტისთვის, ჯანსაღი ქცევის დამკვიდრება;

ამოქმედდება „სოფლის ექიმის“ ინსტიტუტი. არცერთი დასახლებული პუნქტი (მათ შორის მაღალმთიანი) არ დარჩება საექიმო მომსახურების გარეშე.

პირველ დონეზე სამედიცინო მომსახურების მიწოდებისთვის აუცილებელი ფიზიკური ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა გაითვალისწინებს: (ა) მომსახურების მიმწოდებლების ფუნქციონირების თავისებურებებს; (ბ) პაციენტების საჭიროებებსა და უფლებებს (კონფიდენციალობა და კომფორტი); (გ) დადგენილ სამშენებლო-საინჟინრო სტანდარტებს (დ) ეკონომიკურ პარამეტრებს. 

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.