შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

კოალიცია ქართული ოცნება » საერთაშორისო ვაჭრობა

რა პოლიტიკას გაატარებთ საერთაშორისო სავაჭრო კავშირების გასაუმჯობესებლად?

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საგარეო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარება, რაც უზრუნველყოფს ქართული პროდუქტისა და მომსახურების ექსპორტის ზრდას.

საერთაშორისო ეკონომიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის, ექსპორტის ხელ­შეწ­ყო­ბისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისთვის, საქართველოს მთავრობა აღრმავებს თანამშრომლობას არსებულ და პოტენციურ სავაჭრო პარტნიორებთან. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმების განვითარებას ორმხრივ, მრავალმხრივ და რეგიონულ ფორმატებში.

გააქტიურდება მოლაპარაკებები აშშ–თან სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე. საქართველოს მთავრობა ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ხელმოწერას მიმდინარე წლის ივნისის თვეში, რომელიც წარმოადგენს ევრო­კავ­შირის ასოცირების ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. საქართველოს მთავრობის მიზანია ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრაცია, რისი წინაპირობაცაა DCFTA-ის იმპლემენტაცია.

ასევე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ყველა მეზობელ და რეგიონის ქვეყანასთან სტაბილური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს საექსპორტო და საინვესტიციო ნაკადების ზრდას.

საქართველოს მთავრობამ განახორციელა როგორც სატარიფო პოლიტიკის, ისე ტექნიკური რეგულირების სფეროს რეფორმა, რის შედეგადაც საქართველოს დღეისთვის გააჩნია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური საგარეო-სავაჭრო პოლიტიკა, რაც გუ­ლისხმობს საგარეო ვაჭრობის გამარტივებულ რეჟიმსა და საბაჟო პროცედურებს, დაბალ საიმპორტო ტარიფებსა და მინიმალურ არასატარიფო რეგულირებას.

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების უმეტესობა არის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო)  წევრი და შესაბამისად, ვმო-ს წევრ ქვეყნებთან (158 ქვეყანა) სავაჭრო ურთიერთობები ხორციელდება “უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის” (MFN) საფუძველზე.

საქართველო ასევე არის შემდეგი ქვეყნების პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის (GSP) რეჟიმის ბენეფიციარი: ევროკავშირი (GSP+),  აშშ, იაპონია, კანადა, შვეიცარია და ნორვეგია. დღესდღეობით, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს დსთ-ს ყველა ქვეყანასთან და თურქეთთან.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.