შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

კოალიცია ქართული ოცნება » ვაჭრობა და სოფლის მეურნებობა

რა პოლიტიკას გაატარებთ სოფლად მაცხოვრებელთათვის ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკური შესაძლებლობების გასაზრდელად?

სოფლის მცხოვრებთათვის ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის დარგების, ასევე ეკო­ნო­მი­კური შე­საძ­ლებ­ლობების გასაზრდელად სახელმწიფო  ხელს შეუწყობს მიწისა და კაპიტალის ბაზრების განვითარებას ახალი ტექნოლოგიებისა და კაპიტალის მოზიდვის მიზნით, რაც გაზრდის მოსახლეობის კეთილდღეობასა და ეკონომიკურ შესაძლებლობებს. სოფლის მცხოვ­რებ­თა­თვის შემუშავდება და განხორციელდება არასასოფლო-სამეურნეო სამუშაო ადგილების შექმ­ნის­კენ მიმართული ღონისძიებებიც, რაც უშუალოდ სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებთან ერთად, მნიშვნელოვნად შეამცირებს სიღარიბეს სოფლად. ფერმერთა რეესტრის შემუშავების პროცესთან ერთად დაიწყება და გაგრძელდება მიზნობრივი პროგრამები, რაც გაამარტივებს შედარებით იაფ და გრძელვადიან ფინანსურ რესურსებთან, ასევე, სასოფლო-სამეურნეო ნედლეულთან წვდომას. ხელი შეეწყობა სალიზინგო, სადაზღვევო და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების დანერგვასა და პროდუქციის შემნახველი სათავსოების, სასაკლაოებისა და სხვა სიმძლავრეების შექმნას. კოოპერაციის პროგრამების განხორციელებით სახელმწიფო ხელს შეუწყობს საქმიანობის მასშტაბის გამსხვილების პროცესს, რაც შეამცირებს წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებას და გაზრდის მისი გასაღების შესაძლებლობებს, ასევე, გაადვილებს პროდუქციის მიკვ­ლე­ვა­დობას და ფერმერთა ბაზრების ჩამოყალიბებას. თანამდეროვე ტექნოლოგიებისა და ცოდნის გავრცელების ხელშესაწყობად განხორციელდება აგრარული განათლებისა და მეცნიერების, კონსულტირებისა და ექსტენციის თანამედროვე სისტემის შექმნისკენ მიმართული პო­ლი­ტიკა. მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების, ნედლეულისა და სერვისის ხარისხისა და მისი მიწოდების გაუმჯობესებისკენ. ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისა და ფერმერთა კეთილდღეობის ამაღლების მიზნით, გან­ხორ­ციელ­დება სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განახლების ღონისძიებები. სურსათის უვნებლობის სისტემის გაძლიერებისკენ მიმართული პოლიტიკა გაზრდის ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას მსოფლიო და ადგილობრივ ბაზარზე და მომხმარებელს ხარისხიანი და უვნებელი სურსათით სარგებლობის საშუალებას მისცემს. სახელმწიფო ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და გააუმჯობესებს ურთიერთობებს საქართველოსა და საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციებს შორის, დანერგავს შესაბამის სავაჭრო სტანდარტებს, ხოლო საერთაშორისო ბაზრებზე ქართული სახელდებების დასაცავად გაატარებს სათანადო პოლიტიკას. სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის კონკურენტუნარიანობის ამაღლების, იმპორტის ჩანაცვლების, ექსპორტის წახალისებისა და სიღარიბის აღმოფხვრის კონტექსტში ყურადღება დაეთმობა გარემოსთვის უსაფრთხო საწარმოო პრაქტიკის დამკვიდრებას და საქართველოსთვის უნიკალური ცხოველთა და მცენარეთა ჯიშების შენარჩუნებას. 

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.