შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

კოალიცია ქართული ოცნება » სპორტი

რა პოლიტიკას გაატარებთ სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებისთვის და სპორტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად?

ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ჯანსაღი თაობის აღზრდა და მავნე ჩვევების დაძლევის ხელშეწყობა სპორტის პოლიტიკის მთავარი ამოცანაა. მწყობრი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებით ქვეყანაში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია შემდეგი მიმართულებებით განხორციელდება: ბავშვთა და ახალგაზრდობის ჯანმრთელობის დაცვა და მათ ჰარმონიულ განვითარებაზე ზრუნვა, ერთიანი საგანმანათლებლო სისტემის ჩა­მო­ყალიბება, ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმისადმი ლტოლვის დაძლევა, ცხოვრების ”უძრავი წესის”  ფიზიკურად აქტიური ცხოვრებით ჩანაცვლება. მასობრივი სპორტის განვითარება პირველ რიგში ხელს შეუწყობს მოსახლეობის ფიზიკურ გაჯანსაღებას და საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ეს ნიშნავს განსაკუთრებული მიღწევების მქონე სპორტის სახეობების განვითარებისთვის მყარი საფუძვლების შექმნას. მასობრივი სპორტის განვითარება განაპირობებს  შემდეგ სხვა დადებით ტენდენციებსაც:

დანაშაულის პრევენცია - ბავშვებისა და ახალგაზრდების ენერგიისა და აგრესიულობის მოქცევა ჯანსაღ სპორტულ კალაპოტში, თავისუფალი დროის სპორტით შევსება. დაავადებათა პრევენცია - მასობრივ სპორტში აქტიური ჩართულობა ხელს შეუწყობს დაავადებათა პრევენციას;

აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება - სპორტისა და ფიზიკური აღზრდის გაკვეთილების საშუალებით მოსწავლეთა ფიზიკური და გონებრივი განვითარების ხელშეწყობა;

პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება - სპორტული ცხოვრების წესი სტიმულს აძლევს მოსახლეობის პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებასა და ზრდის ქვეყნის თავ­დაც­ვი­ს­უნა­რიანობას.

სპორტული ინფრასტრუქტურა განვითარდება ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად: შემუშავდება სპორტული ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობისა და ხელ­მი­საწვდომობის სტანდარტები, კერძო ინვესტიციების მოზიდვის სამართლებრივი საფუძვ­ლები, დადგინდება სპორტულ ინფრასტრუქტურაში კომერციული ფუნქციური დანიშ­ნულების გათვალისწინების ნორმები, საჯარო და კერძო საგანმანათლებო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის მიღების სტანდარტებში შესატანად შემუშავდება სპორტული კომპონენტის სტანდარტები (მინიმალური სპორტული ინფრასტრუქტურის არსებობა, სპორტის სასწავლო პროგრამები). ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში შემავალ სოფლებში გაგრძელდება მასობრივი სავარჯიშო მოწყობილობების მონტაჟი, აშენდება სპორტული დარბაზები, შეიქმნება სპორტული ინფრასტრუქტურის ელექტრონული გზა­მკვლევი. 

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.