შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

კოალიცია ქართული ოცნება » ეკონომიკური განვითარება

როგორი იქნება თქვენი პოლიტიკა ადგილობრივ თვითმმართველობებში ეკონომიკური განვითარების მისაღწევად? გთხოვთ აღწეროთ თქვენი სამი პრიორიტეტი.

საქართველოს მთავრობის მთავარი მიზანია, უზრუნველყოს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა, რათა ყოველი მოქალაქე იყოს ჩართული პროცესში და ისარგებლოს მიღწეული შედეგებით. ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების მისაღწევად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონულ განვითარებას. უნდა გატარდეს კონკრეტული ღონისძიებები, რაც ითვალისწინებს თვითმმართველობების ჩართულობას და მათ საჭიროებებს, ცალკეული რეგიონის განვითარების პრიორიტეტების შესაბამისად.

მთავრობის პრიორიტეტია სოფლის მეურნეობის განვითარება,  რომელშიც მოსახლეობის 50%-ზე მეტია დასაქმებული. დარგში შექმნილი დამატებული ღირებულება მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 9,3%-ს შეადგენს. აგრარული   პოლიტიკის განხორციელების ფარგლებში:  დარეგულირდება მიწათსარგებლობის საკითხები;  სასოფლო-სამე­ურ­ნეო   სექტორი უზრუნველყოფილი იქნება მომსახურებითა და ნედლეულით;  ფერმერები უზრუნველყოფილი იქნებიან ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით.

ამ პოლიტიკის განხორციელების შედეგად, უახლოეს წლებში, დარგში შეიქმნება რამდენიმე ათეული ათასი სამუშაო ადგილი. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის პოლიტიკა  არის ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება.  საქართველოს მთავრობა  წაახალისებს მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელიც უზრუნველყოფს კერძო სექტორში ინვესტიციებისა და ინოვაციების ზრდას.  შეიქმნება საოჯახო და მცირე ბიზნესის განვითარების ფონდი;  კარტელური შეთანხმებების შეზღუდვით შეიქმნება კონკურენტული გარემო, გამარტივდება საგადასახადო პროცედურები.

შეიქმნება და ხელი შეეწყობა ბიზნესინკუბატორებისა და სხვა მცირე ბიზნესის ხელშემწყობ ინსტიტუტებს;  მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გაეწევათ საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით;

ერთი მხრივ,  სამართლიანი კონკურენციის პოლიტიკა და,  მეორე მხრივ,  მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერა უზრუნველყოფს მათ მიერ წარმოებული პროდუქციის მოცულობისა და შემოსავლის ზრდას. 

ტურიზმი - საქართველოს ყოველი რეგიონი მდიდარია ისტორიულ-კულტურული ძეგლებით, ტრადიციული მეღვინეობის კერებით, ბუნებრივი რესურსებით, სამკურნალო-ბალნეოლოგიური ცენტრებით.

კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა და თითოეული რეგიონის უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა ტურიზმის განვითარების უდიდეს პოტენციალს განაპირობებს. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია განხორციელდეს ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ახალი ინვესტიციების მოზიდვის, მომსახურების სფეროს განვითარებისა და ად­გი­ლობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობას შექმნის.  

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.